19 თებერვალი – საბედისწერო დღე მარო მაყაშვილის ცხოვრებაში

19 თებერვალი - საბედისწერო დღე მარო მაყაშვილის ცხოვრებაში1921 წლის 19 თებერვალი მარო მაყაშვილის ცხოვრებაში საბედისწერო აღმოჩნდა. რუსეთის მე–11 არმიის წინააღმდეგ კოჯორ–ტაბახმელაში ბრძოლის დროს, აფეთქებული ყუმბარის ნამსხვრევმა 20 წლის გოგონა იმსხვერპლა.

საქართველოს ეროვნული გმირის დღიურში ბევრი საინტერესო ჩანაწერია სამშობლოზე, თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ფულზე, სამომავლო გეგმებზე…

„ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა „პარადი“. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ „ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!“. არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს.”

“დღე თითქოს თანაუგრძნობდა ზეიმს. დილიდან საღამომდის მზე უხვად ასაჩუქრებდა დედამიწას თავისი სხივმოსილი ისრებით. ქართველი ერი ბედნიერი იყო და ღმერთიც. მზის გარშემო რამდენიმე საათის განმავლობაში ცისარტყელა იყო…”

„ბევრს ჰგონია, რომ ბედნიერება ფულშია. მეც ეგრე მგონია, მაგრამ ამ ფულის დახარჯვა თავისზედ კი არა. ამ ფულით სხვას შეიძლება მოუტანო ბედნიერება და მაშინ თვითონაც იქნები ბედნიერი“.

„ღმერთო, რად დამბადე ქალათ. ქალი უძლური რაღაცა საგანია, კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია. მაგრამ მაინც მინდოდა, ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად. კაცს უფრო ეხერხება ყველაფერი, ვიდრე ქალს. ქალს ჰპატრონობს კაცი, კაცს ღმერთი. კაცი მაღალი სულით სულ სხვა არის ამგვარ ქალზედ. მაგრამ უმეტეს ნაწილში ქალი უფრო მაღლა სდგას კაცზედ, მაგრამ ეს არა სჩანს – ის მდგომარეობის მონაა“.

„ნუთუ ყოველი კაცი ეგეთი ეგოისტია, გაშმაგებული ცხოველი, რომელსაც არსებობა უნდა მარტო პირადი სიამოვნებისთვის და ბედნიერებისთვის? ნუთუ არ ეყოფა მას ერთი, არამედ უნდა ორი, სამი და მეტიც. სად არის სამართალი. მერე მეუბნებიან, თითქმის ყოველი მამაკაცი მაგისთანააო. არ მჯერა. მაგალითად, თუ მე მომივიდა, ჩავვარდი ისეთ მდგომარეობაში, რას ვიზამდი? თუ შემემჩნია, რომ ჩემ ქმარს აღარ ვუყვარვარ, დეე, ახდილად მითხრას, მაგრამ თუ მალავს, ქურდულად იქცევა, ორპირობას სწევს, მე მგონია, მასთან აღარ დავრჩებოდი ან რამეს უზამდი“.

„მე მგონია, თუ ერთს შევიყვარებ, ეგ უკვდავია. სიკვდილამდის დამრჩება. თუ ვინმე კითხვას დამისვამს, აკი გქონდა კიდეც გრძნობა ერთხელო, რა სისულელეა, ბავშვური, უბრალოდ ცელქობა, ახლა სრულიად მოსაზრებით ვიქცევი“.

„უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი, ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედ… ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?“