22 იანვარი, 2019

“ვეფხისტყაოსნის” ტყე ყოფილ ნაგავსაყრელზე

"ვეფხისტყაოსნის" ტყე ყოფილ ნაგავსაყრელზეგიფიაქრიათ, თბილისში გაშენებულიყო “ვეფხისტყაოსნის” ტყე ყოფილ ნაგავსაყრელზე?

ამ საკითხზე უკვე იფიქრა მწერალმა გურამ მეგრელიშვილმა. მან თავისი იდეა დედაქალაქის მერს უკვე მიაწოდა და დიდი იმედი აქვს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება:

“გლდანის ნაგავსაყრელი წლების განმავლობაში წამლავდა ადგილობრივ მოსახლეობას. ნარჩენების დაწვისას წამოსული “სმოგი” მიკრორაიონების თავზე ღრუბელივით იდგა და დამწვარი ცელოფნისა და პლასტმასის სუნი დაკეტილი ფანჯრებიდანაც კი აღწევდა.

ახლა ნაგავსაყრელი დაკეტილი და დაკონსერვებულია. თვითლპობის პროცესს კიდევ ათეული წელი დასჭირდება, თუმცა არის ადგილები, სადაც ნარჩენები სრულად უტილიზებულია.

თბილისს ხშირად უწუნებენ ჰაერს. ერთ დროს კი დედაქალაქში ცხოვრებას სწორედ ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანებს უნიშნავდნენ ექიმები.

ვფიქრობ, რომ გლდანში, დახურულ ნაგავსაყრელებზე ტყის გაშენება, ერთის მხრივ სამართლიანი იქნება გლდანელებისთვის, მეორეს მხრივ კი ქალაქისთვის ქარსაცავი ზოლი და ბუნებრივი ფილტვები იქნებოდა.

რაკი არ გვაქვს “ვეფხისტყაოსნის” მუზეუმი ან რაიმე მონუმენტური ძეგლი, “ვეფხისტყაოსნის” ტყის დაარსება შეიძლება კარგი სტარტი აღმოჩნდეს მსგავსი იდეების განხორციელებისთის.

პროექტს რამდენიმე დადებითი მხარე ექნება: ქალაქისთვის სუფთა ჰაერი; “ვეფხისტყაოსნის” პოპულარიზაცია; ტურისტული ადგილის შექმნა; მიმდებარე სივრცის ათვისება და ქალაქის ამ ნაწილის შემდგომში ურბანული განვითარება; განაშენიანება მოხდებოდა მოსახლეობის მიერ. შეტანილი წვლილი მზრუნველობის მომენტს ამძაფრებს და ხის დამრგავს “საკუთრების” განცდა გაუჩნდებოდა.”