31 იანვარი, 2019

თენგიზ აბულაძე – ქართული კინოს მარგალიტი

თენგიზ აბულაძე - ქართული კინოს მარგალიტიკინორეჟისორი თენგიზ აბულაძე ქართული კინოს ნამდვილი მარგალიტია. მისი შემოქმედება კი – ჩვენი ქვეყნის უდიდესი საგანძური.

რეჟისორს მისი უმცროსი კოლეგა, სტუდენტი და რძალი ნანა ჯანელიძე ასე იხსენებს:

“თეატრალურში ჩასაბარებლად პირდაპირ სკოლიდან მივედი და ეს მაშინ, როცა იქ უკვე გამოცდილი და სხვა უმაღლესდამთავრებულები მიდიოდნენ. ბატონმა თენგიზმა ჩათვალა, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი და თავის ჯგუფში ამიყვანა.

ის ძალიან გამოუცდელი იყო როგორც პედაგოგი, მას არავითარი ჩვევები არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ იყო თვითონ არაჩვეულებრივი მაგალითი ყოველთვის.

როცა პირველ კურსზე ჩავაბარეთ, სანამ დაიწყებოდა სწავლა, შემოვიდა და გვითხრა, ვემზადები “ნატვრის ხის” გადაღებებისთვის და თქვენ მეორე კურსზე გაივლით ჩემთან პრაქტიკას. ისე ვგრძნობ თავს, თითქოს არასოდეს არაფერი გადამიღია და ვარ პირველკლასელიო. ეს თქვა ადამიანმა, რომელსაც გადაღებული ჰქონდა “მაგდანას ლურჯა, “სხვისი შვილები”, “ვედრება”, “მე ბებია ილიკო და ილარიონი” და “სამკაული ჩემი სატრფოსთვის”.

ბატონი თენგიზის პედაგოგიური ნიჭი მაშინ გამოვლინდა, როცა დავიწყეთ მასთან ერთად ფილმზე მუშაობა. მან ჯგუფი გაყო ორად, ნაწილი წავედით მასთან “ნატვრის ხის” გადაღებაზე, ნაწილი კი – ირაკლი კვირიკაძესთან.

მას ყოველთვის აინტერესებდა რას ფიქრობდნენ ახალგაზრდები. ჩვენ ისე გვეკითხებოდა აზრს, სერიოზულად გვჯეროდა, რომ გვისმენდა, არადა, თურმე მართლა გვისმენდა. ეს იყო დაუვიწყარი დრო, ძალიან დამღლელი, დატვირთული, მაგრამ ნამდვილი დღესასწაული.

ის არ იყო პედაგოგი, ის იყო მაგალითი, როგორები უნდა ვყოფილიყავით მისი სტუდენტები.

მახსოვს, მარიტას დასჯის სცენა რომ უნდა გადაგვეღო, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნისლი. სწორედ იმ დროს დაიწყო წვიმა და 8 საათი წვიმდა. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი შეყუჟულები ვიყავით ავტობუსში. ბატონი თენგიზი კი 8 საათი გარეთ იდგა. ბოლოს წვიმამ გადაიღო და ჩვენ ის სცენა მაინც გადავიღეთ.

– ყოველი კადრი ისე უნდა გადაიღო ცხოვრებაში, თითქოს ეს არის შენი უკანასკნელი კადრი, – ეს იყო მისი საყვარელი ფრაზა და მართლაც ისე აკეთებდა ყველაფერს, თითქოს ეს მისი ბოლო ქმედება იყო დედამიწაზე.”