SOS! – ნიკო დადიანის სასახლე

SOS! - ნიკო დადიანის სასახლე ზუგდიდში მდებარე ნიკო დადიანის სასახლე ეროვნულ სიძველეს წარმოადგენს.

მისი რესტავრაცია მიუღებელია მანანა სოტკილავასთვის:

“SOS!!!

გასარკვევია, ეს ცინიკური თვითშემოქმედება ვისი ინტერესით აღესრულა და რა მიზეზით: – უვიცობით, დილეტანტიზმით, შეგნებულად, “ფულის მოტეხვით” თუ თანამედროვე მოდის ე.წ. ევრორემონტის მოთხოვნით????

ისტორიული სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის უფროსი მემკვიდრის ნიკო დადიანის („მინგრელსკის“) დაკვეთით და იმ დროის მაღალ წრეებში ცნობილი არქიტექტორის ლეონიდ ვასილევის ხუროთმოძღვრებით, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, აგებული ეს სასახლე გახლდათ ჩრდილოურ-აღმოსავლური და ქართული არქიტექტურის (ექსტერიერ-ინტერიერის) ძალზე ორიგინალური სინთეზის საინტერესო ძეგლი და წარმოადგენდა იმდროინდელ საქართველოში სრულიად უჩვეულო არქიტექტურულ ნიმუშს. ამ თვალსაზრისით იგი შეუსწავლელია!!!

თავდაპირველად სასახლე , შესაბამისად ჩრდილოური არქიტექტურისა, ძირითადად თეთრი ფერისა იყო. წარმოდგენილ ფოტოებზე კარგად მოჩანს XIX ს-ის დამლევისა და XX საუკუნის დამდეგის სამთავრო სასახლეები და მათი შიდა ეზოს ნაწილი – მარცხნივ “დედოფლის სასახლის”, შუაში მთავრის კარის „ვლაქერნის ღვთისმშობლის“ ხატის ეკლესია და მარჯვნივ “ნიკოს [მინგრელსკის] სასახლის” გარეგნული იერსახეები.
კარგად იკითხება ამ ახალ გარემონტებული შენობის ადრინდელი არქიტექტურული გარეგნობა: შენობის თავზე ქონგურები, რომელიც ფაქტობრივად მალავს გადახურვას, რითაც შენობას ეძლევა სასახლის დიდებულების იერი. მოგვიანებით ჩანს, რომ ქონგურები ხელყვეს ჯერ ბოლშევიკებმა, მერე კომუნისტებმა რესტავრაციის ნაცვლად შენობა მხოლოდ გაამაგრეს და ერთიანად შეაბათქაშეს…

დღეს სასახლეს, ამგვარად სახეცვლილს, კაპიტალური ევრორემონტი გაუკეთდა ნაცვლად სიძველის სარაბილიტაციო რესტავრაციისა!!!

P.S. ფოტოზე ჩანს „ნიკოს სასახლის“ წინ მდგარი სამი ძირი ჩრდილოეთის მცენარე – არყის ხე (Берёза), რომელიც ბოლშევიკებმა სასახლის ეზოს ჩაის კულტურის გასაშენებლად გადათხრისას, სხვა უნიკალურ მცენარეებთან ერთად, მოჭრეს. მოგვიანებით კი, კომუნისტურმა ხელისუფლებამ „მშრომელთა დასვენებისა და გართობის პარკის“ სახელწოდებით ეს ეზო და სასახლის შემოგარენი წიწვოვანი ნარგავებით შეავსეს, 90-იანი წლების სახელმწიფო გადატრიალებითა და განუკითხაობით მოთარეშეთაგან დაცული და ძლივს ფიზიკურად შენარჩუნებული, „ვარდების რევოლუციამ“ იმდენად „გააევროპულა” და ევროპიდან ჩამოტანილი კულტივირებული ჯუჯა ნარგავებით გადაავსო მთელი ეზო, რომ სასახლეების სივრცითი აღქმა შეუძლებელია და ამ ჭრელა-ჭრულა გარემოში ჩაკარგულია მათი სახე და დიდებულება!…

ის, რომ ეროვნულ სიძველის შენარჩუნება და დაცვა ბოლშევიკებისთვის იდეოლოგიურად მიუღებელი და საშიში რამ იყო გასაგებია. ეს მათ ნამოქმედარ ვანდალიზმში და განადგურებული არაერთი უნიკალური კულტურული ძეგლის ისტორიაში დარჩა სამარადისოდ ყველაზე ამაზრზენ ფაქტად. მათი მემკვიდრეობის კომუნისტებს კი, საერთოდ არ ესმოდათ სიძველის რესტავრაციასა და შენობის რემონტს შორის განსხვავება, რაც გამოჩნდა კიდეც, თავის დროზე, სამთავრო სახლის მეორე – „დედოფლის (ეკატერინეს) სასახლის“ რეაბილიტაციის დროს გასული საუკუნის 80-90-იან წლებში, თუმცა, მისი მიახლოებითი რესტავრაცია მაშინ მაინც მოხერხდა!

ახლა ხომ კომუნისტები აღარ არიან მმართველობაში??? გამოდის, რომ რაც მათ შესძლეს იმასაც ვეღარ ახერხებს თანამედროვე თავისუფალი ქვეყნის მმართველობა???

ცინიზმია აბა რა არის ზუგდიდის მთავარ მოედანზე „მაგდონალდსის“, სამხარეო ადმინისტრაციული შენობების და ამ ისტორიული სასახლის ერთნაირ ყავისფერებში წარმოდგენა და ქართული საზოგადოებისთვის უტიფრად შეთავაზება!!!

ვისი ფანტაზიის ნაყოფია ეს ყოველივე??? ყავისფერი მკაცრად სამხრეთული, განვითარებადი ქვეყნების ფერია!
გვესმის, გრანტების მომცემ გარე ძალთა წინაშე მავანთა ანგარიშვალდებულება, მაგრამ ფინანსების ქონა და განკარგვის უფლებამოსილება არავის აძლევს ნებას ისტორიული და კულტურული ძეგლის ყოფაში ამგვარი უხეში ჩარევისა და დივერსიისა!

ეს დანაშაულია და საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად უნდა იქცეს!

ხოლო თუ ვინმე აპელირებას შეეცდება სპეციალისტების ჩართულობის თაობაზე, მათ კვალიფიკაციას თავად ეს სანახაობა ადასტურებს!

ვინ არის ის, ვინც აგრე დასცინა ისტორიულ სამეგრელოს, მის საქალაქო ცენტრს ზუგდიდს და ამ უნიკალური ქართულ-ევროპული არქიტექტურული იერსახის მქონე კომპლექსის, ამჯერად, ამ ნაწილს, აღარაფერს ვამბობთ ვერსალის დარი დაგეგმარების სამთავრო ბაღის (ე.წ. ბოტანიკურის) სრულ იავარქმნაზე!!!

ბატონებო, ზუგდიდურ სამთავრო სასახლეთა, მათი ეკლესიის და ეზო-პარკის ეს საინტერესო ანსამბლი, შემოსასვლელ ხეივან-მოედნებითურთ, ქართულ-ევროპული ქალაგეგმარების უნიკალური ნიმუშია მთელ საქართველოში, რომელიც ფაქტიურად შეუსწავლელია!!!

ამ გაურკვევლობის ფონზე ყოველი დროის ხელისუფალ ნაცვალნი ვერ უძლებენ ცდუნებას, კვალიფიციური სპეციალისტ-ექსპერტების გარეშე არ ჩაერიონ და ამ ჩარევით თავიანთი არაკვალიფიციური მუშაკობის კვალი არ დატოვონ….

ეროვნულ სიძველეთა ეს ნიმუში არ არის მარტო ზუგდიდის და სამეგრელოს საპატრონო ძეგლი!!!

იგი მთელი ქართული კულტურის უნიკალური ძეგლია და მას სხვა დონეზე შესწავლა, განხილვა და პატრონობა სჭირდება!!!”

SOS! - ნიკო დადიანის სასახლე

SOS! - ნიკო დადიანის სასახლე

SOS! - ნიკო დადიანის სასახლე