9 იანვარი, 2019

სერგო ფარაჯანოვი – ხელოვნების და სილამაზის ჯადოქარი

სერგო ფარაჯანოვი - ხელოვნების და სილამაზის ჯადოქარიკინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი დაუვიწყარი დღესასწაულების ორგანიზატორი იყო და როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, თვითონაც დიდი დღესასწაული იყო.

მისმა მეგობარმა, ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა თავის ფოტოარქივში რეჟისორის უცნობი ფოტო აღმოაჩინა, რომელიც არსად გამოქვეყნებულა.

ხელოვანი 66-წლიანი ცხოვრების მანძილზე არაერთ უსამართლობას წააწყდა, თუმცა ამას არ დაუკარგავს მისთვის სურვილი საყვარელი საქმე ეკეთებინა.

თბილისში დაბადებულ კინორეჟისორს მშობლიურ ქალაქში მუზეუმი არ აქვს. მისი თბილისური სახლიდან ერევანში ფარაჯანოვის მუზეუმისთვის თითქმის ყველა, 600-მდე ნივთი წაიღეს, მაგრამ საბედნიეროდ, არ აუხედავთ ზემოთ – სხვენში, სადაც დარჩენილია აკვანი, რომელშიც, სავარაუდოდ, ფარაჯანოვი იწვა, ვერცხლის პორტსიგარი, პატარა ხმალი და სხვა პატარ-პატარა საგნები.

კინორეჟისორს უახლოესი ადამიანები ხელოვნების და სილამაზის ჯადოქარს უწოდებდნენ. მათი თქმით, იგი სინამდვილესა და წარმოსახვას შორის ზღვარს შლიდა და გარშემომყოფებისთვის დაუვიწყარ დღესასწაულებს აწყობდა, რადგან თვითონაც ერთი დიდი დღესასწაული იყო.

– ყველაზე მეტი საშინელებაა – სილამაზის ვერ შემჩნევა, – ამბობდა სერგო ფარაჯანოვი და რთულია, მას ამაში არ დაეთანხმო.

სილამაზის თავისებური აღქმა ჰქონდა. ეს რეჟისორის ფილმებშიც კარგად ჩანს. სერგო ფარაჯანოვი ცოტა ფილმს იღებდა. როგორც თვითონ წერდა, 23 არარეალიზირებული სცენარი თაროზე ჰქონდა შემოდებული, მაგრამ ამას არაფრად მიიჩნევდა. ამბობდა, რომ დაუმთავრებელ შემოქმედებას თავის სიკვდილთან ერთად წაიღებდა, რომელიც გარდაიქმნებოდა საიდუმლოებად და ისევ უკან დაბრუნდებოდა.

მისი მეზობლების მტკიცებით, ტყუილია ამბავი, თითქოს ფარაჯანოვი ქართველებზე იყო განაწყენებული და ერევანში იმიტომ წავიდა. მას თბილისი უზომოდ უყვარდა. ავადმყოფი ფარაჯანოვი სომხებმა წაიყვანეს და უპატრონეს, მხოლოდ ნივთები მისი სახლიდან ჩუმად, ნელ-ნელა გაზიდეს.

ერევანში წავლის წინ, რეჟისორი სახლის თითოეულ კედელს კოცნიდა, ესიყვარულებოდა და ცრემლებით ემშვიდობებოდა თბილისს.

შეუძლებელია დაივიწყო სერგო ფარაჯანოვის მიერ შვილისთვის ნათქვამი სიტყვები:

– მე შენთვის არაფერი მაქვს სათქმელი – ერთადერთი, როდესაც ცუდად იგრძნობ თავს, შეეხე ხალიჩას იქ სითბოა! და ის მე ვარ!