9 იანვარი, 2019

ნინო ბაშარული: “მრცხვენია მეტისმეტად!”

ნინო ბაშარული: "მრცხვენია მეტისმეტად!"– ჩვენ ვართ ყველაზე ამპარტავანი ერი დედამიწაზე. თავს ვიკლავთ და გვიხარია! ნუ დავაბრალებთ ნურაფერს მტრებს, ჩვენ ვართ საკუთარი თავის უდიდესი მტერი! მორჩა! – აცხადებს მომღერალი ნინო ბაშარული:

“ქართველები მაქსიმალისტები ვართ.

ოდითგანვე ბევრს ვსვამთ, უფრო სწორი გამოთქმა იქნებოდა, ვსკდებით სმით, ბევრს ვეწევით, უფრო სწორი გამოთქმა იქნებოდა ვშთანქავთ (თრიაქს, მარიხუანას, კანაფის სხვადასხვა საშუალებებს), ზედმეტად დიდი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, რაც იწვევს შეგრძნებას რომ ჩვენი საქმე სხვამ უნდა აკეთოს ჩვენს მაგიერ და ჩვენ ლოგინში გართხმულნი უნდა ვუჩიოდეთ ბედს, ან ჩვენს უბედურებაში მუდმივად ვადანაშაულებდეთ სხვებს, გადაღმა ქუჩის მეზობელს, ტრაილერის მძღოლს, სიდედრს, დიდი ხნის მიწაში მწოლიარე მკვდრებს…

მთელი ცხოვრება ვაკვირდები ირგვლივ მამაკაცებს, მეგობრებს, მეგობრის ქმრებს, ნათესავებს, გამვლელებს, რომლებიც მხოლოდ ლაპარაკობენ, უფრო სწორად იგინებიან ან ყვირიან საკუთარ და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, საქმით კი, შენ ხარ ჩემი ბატონი, არაფერს აკეთებენ!

კითხვები მაქვს. უკაცრავად და რატომ გიკვირთ, თქვენი ცოლები რომ საზღვარგარეთ გარბიან და უცხოელებზე თხოვდებიან, ან სულაც არ გარბიან და თქვენს ცხვირწინ ირანელებს და თურქებს გამჯობინებენ?

რატომ არის, როდესაც თქვენი შვილისთვის იმდენი ავტორიტეტი აღარ ხართ რომ როცა დაიგვიანებთ, შვილმა გკითხოთ მამა ხო მშვიდობაა, სად იყავი?

ან ცოლმა მთელი ღამე გაათენოს თქვენს არყოფნაში?
თუ გინდა შენი ცოლი დედოფლობდეს, მეფე უნდა იყო. დიახ!

რატომ არის, ქვეყანა ყირამალაზე რომ დგას?
მეძავეები და სირები რატომ მართავენ ქვეყანას?
რატომ არის, ტელევიზიით უმეტესი არხები და გადაცემები დამადებილებელ ინფორმაციებს რომ გვაწვდიან და ჩვენც გვიხარია?
რატომ არის, ქუჩებში ერთმანეთს რომ არ ვუთმობთ გზას და გადასწრება-გადაჯოკვრაზე რომ გვიჭირავს თვალი?
რატომ არის? რატომ არის? არ დაილევა ეს რატომ არის?…

ფაქტია! კაცი ვეღარ კაცობს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ XXI საუკუნემ დააბნია… დოზირების შეგრძნება დაკარგა. ყველაფერი ბევრი უნდა. უკულტუროა, რაც არ უნდა ამტკიცოთ რომ დიდი კულტურის და მაღალი მატერიების მქონე ქვეყანა ვართ!

უკულტურო და ზარმაცია ქართველი კაცი! მთელი ქვეყანა უჭკვიანეს და უნიჭიერეს ერთეულებზე დგას!

მრცხვენია, რომ წარამარა გვიწევს თავის დაცვა ჩვენი ქვეყნის სიდიადეების მოყვანით და ნიშნის მოგებებით, ოოოოო, ჩვენი ქვეყანა ყველაზე მაგარია, ჩვენი საკუთარი დამწერლობა გვაქვს, კოსმიური პოლიფონია და ცეკვები, ყველაზე უძველესი ღვინის ქვეყანა ვართ, იბერიული ტომი, შუმერთა შვილნი, ოქროს საწმისის ერთ დროს პატრონნი.

მერე და მერე და მერე რაააა? ეს ოქროს საწმისიც ჩვენი დაუდევრობით, გართობის და სმის უზომო სიყვარულის გამო დავკარგეთ. ყველა ქვეყანა გადარჩება, რომელსაც ოქროს საოცარი შეგრძნება აღმოაჩნდება… ინტუიცია და ალღო.

სულ მალე ერთმანეთს გადაშენებას მივულოცავთ, თუ არ გამოვფხიზლდით დროულად. ჩვენი დიდი მწერლების მოწოდებაც სიფხიზლის შენარჩუნება იყო, რომელიც ვერადავერ გამოვიმუშავეთ და ჩვენივე თვითკმაყოფილების იდიოტურ მორალში ვიძირებით.

ჩვენ ვართ ყველაზე ამპარტავანი ერი დედამიწაზე. თავს ვიკლავთ და გვიხარია! ნუ დავაბრალებთ ნურაფერს მტრებს, ჩვენ ვართ საკუთარი თავის უდიდესი მტერი! მორჩა!

ამპარტავნება, გადაბრალება, შური და ბოღმა ამოგვძირკვავს!

მრცხვენია მეტისმეტად!”