19 იანვარი, 2019

ნიკო ნიკოლაძე – ინტელიგენციის მიერ ათვალწუნებული პუბლიცისტი

ნიკო ნიკოლაძე - ინტელიგენციის მიერ ათვალწუნებული პუბლიცისტიპუბლიცისტი ნიკო ნიკოლაძე იმდროინდელი ინტელიგენციის მიერ იყო ათვალწუნებული.

ამის შესახებ ინფორმაციას ლიტერატურის მუზეუმი ავრცელებს. ჩანაწერი, რომელსაც “არტინფო” გთავაზობთ, 1913 წელს გამოცემულ ჟურნალში „კლდე“ ეწერა:

“ბევრჯერ დავფიქრებულვარ და დღემდე არ მქონდა კარგად შეგნებული, თუ რათ აითვალწუნა ჩვენმა ინტელიგენციამ საუკეთესო შვილი ნიკო ნიკოლაძე, ახლა კი მესმის.

ნიკოლაძე და რუსეთში ნასწავლი ინტელიგენცია ორი ანტიპიდია, სულ სხვადა სხვა ტიპები. ნიკოლაძე სულითა და გულით ევროპელია, ევროპაში ნასწავლი, ევროპის იდეებით გამსჭვალული, ევროპის ტეხნიკა-ინდუსტრიის მცოდნე, ინიციატივის კაცი, პრაქტიკი და საქმიანი.

ჩვენი ინტელიგენცია კი უმთავრესად აღზრდილია რუსეთის სკოლაში, ამ სკოლის მონური სულით, ჩინოვნიკური რუტინით და სხოლასტიკით გაჟღენთილი. ამიტომ ჩვენი ინტელიგენტები უმთავრესად არიან თეორეტიკოსები, მეოცნებე, აკადემიური მსჯელობის ხალხი. ამათი სფეროა თბილი კაბინეტი, რბილი სავარძელი, უნიადაგო თეორიული მსჯელობა, მეტა-ფიზიკური მორალი და სხვა და სხვა პარტიულ-პოლიტიკური ოცნება-ფანტაზიები.

ნიკოლაძე კი უწინარეს ყოვლისა მუშაკია დაკაპიწებული ხელებით, ცხოვრების ტეხნიკი და ლაბორანტი. იგი რეალისტია, რეალურ პოლიტიკის მაწარმოებელი, ცხოვრების მცოდნე, მის ქარტეხილში ჩავარნილი. ძალა უნებურად იქცევა ისე, როგორც უკარნახებს მას ცხოვრების სასტიკი სინამდვილე. ეს არ ესმის ჩვენს ინტელიგენციას და არც სურს შეიგნოს. ნ. ნიკოლაძის ასეთ მოქმედება-პოლიტიკას ჩვენს ცხოვრებაში უსუსური ინტელიგენტები ნათლავენ ოპორტუნიზმად, ქვეყნის ღალატად და თვით ნიკოლაძეს კი ეძახიან რენეგატს, რუტინიორს და რეაქციონერს.”