Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნანა ფაჩუაშვილი: “ძალიან ბევრ სიძნელეს გავუძელი”

2 იანვარი, 2019

ნანა ფაჩუაშვილი: "ძალიან ბევრ სიძნელეს გავუძელი"ნანა ფაჩუაშვილი კარგად ხვდება, რომ წლების მატებასთან ერთად მსახიობის ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპი დგება – აღარ არის რეპერტუარი, აქცენტი ძირითადად ახალგაზრდებზეა, ამიტომ როლი, რომელსაც მისცემენ, მაგრად უნდა ითამაშოს, რათა დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია.

ნანა ფაჩუაშვილი:

“ანა მანიანმა ბრძანა, ჩემი თითოეული ნაოჭი მიყვარს, მასთან ბევრი ჩემი წარმატება არის დაკავშირებულიო. მე ნამდვილად არ მიყვარს ჩემი ნაოჭები, მაგრამ რა ვქნა, მაქვს და… აზრი არ აქვს ახლა ხელოვნურ ჩარევას. მსახიობი ნაოჭების გარეშე, არაფერია. ის მიმიკა, ის პლასტიკა, ის სახიერი გამოსახვაა მთავარი და ეს არის ჩვენი ინსტრუმენტი. ძალიან მინდა უფრო კარგად გამოვიყურებოდე, მაგრამ ამაზე მეტად მინდა ვიყო კარგი მსახიობი. იცით რა გაგებით ვაბობ? ჩემი გამომეტყველება მინდა გადაედოს მაყურებელს და დამეხმაროს განცდებში, იმ იუმორში, რისი გადმოცემაც მინდა. აუცილებლად ბუნებრივი უნდა იყო, სხვანაირად არ გამოვა ხარისხი. ჩემი პროფესიის გამო, იძულებული ვარ მქონდეს ნაოჭები, ჯობია ვიყო კარგი მსახიობი. ჩემი სილამაზე უკვე გაქრა, ყვავილივით დაჭკნა, ახლა უკვე სხვა რამით შემიძლია მაყურებლის მოხიბლვა.

მსახიობი უნდა შეეგუოს იმას, რომ რეპერტუარი არ არის. ძირითადად ახალგაზრდებზეა აქცენტი. მაშინ ვიღაც უნდა დაინტერესდეს, რომ შენს გამო მოიტანოს პიესა თეატრში. მე უფრო ვერგები რუსთაველის თეატრს, ვიდრე რუსთაველის თეატრი მე მერგება. იყო დრო, როცა რუსთაველის თეატრი მე მერგებოდა, მაგრამ ის დრო წავიდა. ახლა ის პერიოდია, როცა მე უნდა მოვირგო. სხვა გზა ნამდვილად არ არის. ვის უნდა ვეჯიბრო, როცა მდინარე მიდის სხვა დინებით? ამიტომ ყოველთვის უნდა ვამტკიცო, რომ ჯერ კიდევ შემიძლია. ბრძოლისუნარიანი ადამიანი ვარ, როცა მსახიობი ამას ვერ შეძლებს, ის უკვე მუშაობასაც ვერ შეძლებს. ბევრი მაგალითი მქონია ჩემს შემოქმედებაში, როცა დამიმტკიცებია, რომ შემიძლია. ეს ხშირად არ ხდებოდა, მაგრამ როცა მოვიდა პერიოდი, რომ ახალგაზრდა აღარ ხარ, რეპერტუარი სამწუხაროდ ისე არ გეწყობა როგორც გინდა, პატარა როლს რომ მოგცემენ, უნდა იყო მაგარი. ყოველ შემთხვევაში, ამისთვის ვიბრძვი.

მსახიობის შემოქმედებაში ყოველთვის არის ეტაპები. შემიძლია ჩემი შემოქმედება სამ ეტაპად დავყო – როცა მაძლევდნენ ლამაზმანებს, ცისფერ როლებს, უმწეოს, როცა სხვები ძალადობდნენ, ეს წლების მანძილზე გრძელდებოდა. მეორე ეტაპზე, როცა 40 წელს მივუახლოვდი, უკვე დაიწყო ისეთი როლები, როცა სულიერად მარტოა პერსონაჟი, გამიმართლა, ერთი ორჯერ თვითონ ავირჩიე პიესა, სტურუამ ხელი შემიწყო, რომ ის პიესები დაიდგა, ასეთი რამ თითქმის არ ხდება, მაგრამ ესეც ბედია. მარტოობის თემა იყო, უცნაური ქალები ვითამაშე, მაგრამ საინტერესო და საყვარელი პერსონაჟები. მესამე ეტაპზე იყო საკმაოდ ძლიერი, მრისხანე, შურისმაძიებელი როლები. ჩემდა საბედნიეროდ, ჩემი შემოქმედება სამ ეტაპად დაიყო. როცა ილევა რესურსი შენი შემოქმედების, შენი ჯანმრთელობის, ყოველთვის არის გამოსავალი…

კი არ წახვიდე თეატრიდან, მაინც იყო და აკეთო ის საქმე, რომელიც გიყვარს. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, მომეწვია ჩემი კოლეგები ათონელის თეატრში, მიმეცა მათთვის მწვანე გზა და ეკეთებინათ თავისი საყვარელი საქმე. ეს დიდ სიამოვნებას მგვირიდა და მგვრის დღესაც. იმიტომ კი არა, რომ ძალიან კეთილი ვარ, ესეც მშველის, რომ შემოქმედბითად გავიხაგრძლივო სიცოცხლე.

მსახიობები ლაპარაკობენ, არ მიყვარს პოპულარობაო, მე პირიქით, ძალიან მიყვარს პოპულარობა, რატომაც არა?! ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. თეატრისგან განსხვავებით, ტელევიზია მომენტალურად გხდის პოპულარულს, იმიტომ რომ თეატრში ყველა არ დადის. სერიალში ნაკლებად არის ხარისხი, ვიდრე თეატრში, უბრალოდ იქაც პოპულარობის შანსი მეტია. ვითამაშე ერთ-ერთ სერიალში და სიამოვნება ნამდვილად მივიღე. ის პერსონაჟი დღესაც ძალიან მიყვარს, იქაც დიდი შრომაა საჭირო და რაც მთავარია, კარგი რეჟისორი, რომ სწორად მოგცეს ამოცანა და მიაღწიო მიზანს. სერიალი ხომ იმის არის, რომ ვითარდებოდეს, თუმცა შეიძლება სულაც არ განვითარდეს.

მსახიობს იშვიათად ეძლევა საშუალება თვითონ აირჩიოს როლი. ასეთი ორი როლი მქონდა და რაღაცნაირად თავი გავართვი, მაგრამ დიდი მასშტაბის როლები, რაზედაც ოდესღაც ვოცნებობდი, არ შედგა და მივხვდი, რომ ოცნებას აზრი არ აქვს. როცა რეჟისორი შემოგთავაზებს როლს და ამაზე არც კი გიფიქრია, დავრწმუნდი, რომ ასეთი შემოთავაზებები უფრო ამართლებს. ზოგჯერ არც იცი ამ პიესის არსებობა, ამიტომ ჯობია სხვამ იფიქროს და შენ იყო მისი აღმოჩენა, ვიდრე ტყუილად იოცნებო.

მსახიობისთვის ბედი აუცილებელია. ჩემს თაობაში საკმაოდ საინტერესო და კარგი კოლეგები იყვნენ სხვადასხვა თეატრში, მაგრამ არ წყალობდათ ბედი, ან შეიძლება მათი დანაშაულიც არის. თეატრი თუ არ გიყვარს ფანატიკურად, თუ არ გადალახე საოცარი ბარიერები, საოცარი ტკივილი… ინტრიგები ნაკლებად. უფრო სიძნელეების ბარიერს ვგულისხმობ.

როცა გული გეტკინება, ან შენ უნდა გეთამაშა და ვერ დაგინახეს, ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, სხვისი წარმატების აღქმა როგორ მოქმედებს შენზე, ზოგი წახდება, ზოგს ინტერესი უფრო მეტი აქვს. ეს ყველაფერი უნდა შეძლო.

სიყვარული ხომ ძალიან ბევრ რამეს გაკეთებინებს? ასევეა თეატრიც. როცა ფანატიკურად გიყვარს თეატრი, ყველაფერი გამოვა. მე ნამდვილად ფანატიკურად მიყვარდა და მიყვარს ჩემი თეატრი, ალბათ ამიტომაც შევძელი ის, რომ ჩემი თაობიდან მარტო დავრჩი. ამას ტრაბახით ნამდვილად არ ვამბობ, ჩემი თაობის მეგობარი გვერდით არავინ მყავს, ეს ტრაგედიაა. ჩემი თაობის კაცი მსახიობებიც კანტი-კუნტად არიან შემორჩენილი. ბევრმა ამ სიძნელეებს ვერ გაუძლო, ან თავიანთი ხასიათით, ან სხვამ დაჩაგრა, ან დრომ მოიტანა. მიზეზები უამრავია.

ძალიან ბევრ სიძნელეს გავუძელი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა თეატრი და ალბათ იმიტომ რომ ბედიც მწყალობდა. ჩემთვის ახლა მთავარია რაც შეიძლება საინტერესოდ, მშვიდად ვიცხოვრო რაც კი დამრჩენია. ვიყო სასურველი დედა, სასურველი მეგობარი, სასურველი ბებია და მსახიობი. ეს არის ჩემი ოცნება და მგონია, რომ ძალიან ბევრია. ძალიან მინდა გამიმართლოს. მიუხედავად ჩემს ცხოვრებაში ბევრი ტრაგედიებისა, მინდა მქონდეს მშვიდი სიბერე და თუნდაც რომელიმე ასპექტში სასურველი ვიყო.”