23 იანვარი, 2019

მხატვარი თამარ მოდებაძე იტალიაში მოკლული იპოვეს

მხატვარი თამარ მოდებაძე იტალიაში მოკლული იპოვესქართველი მხატვარი თამარ მოდებაძე იტალიის ქალაქ ნაპოლში მოკლული იპოვეს.

სამწუხარო ინფორმაცია შოთო სიხარულიძემ გაავრცელა:

“ემიგრანტი ქალი მოკლეს იტალიაში ქალაქ ნაპოლში…

ძალიან მაგარი ადამიანი, უნიჭიერესი ხელოვანი, თამარ მოდებაძე იტალიაში საკუთარ სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს…

იმედია სალვინის უწყება ამ ფაქტს გამოიძიებს და დამნაშავეებს მკაცრად დასჯის. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ქალბატონ თამარს!

“ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტს” 2017 წლის დაჯილდოვებაზე წარდგენილი ჰყავდა წარმატებული ხელოვანი ემიგრანტის სახელით…

ქართველი მხატვრის ნახატები არაერთხელ გახდა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო და მის ნახატებზე შექმნილი ლექსები და თხზულებები გამოცემულია ალბომად, რომელსაც „პოეტური ფიქრები” ჰქვია. მის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმ, რომელმაც მისი ნახატი „ხუთი განზომილება“ ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა.

თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესებულია დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა “მისტიკური მზერა” დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და “საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია” შეტანილი.

ამჟამად ქალბატონი თამარი ცხოვრობს ნეაპოლში, სადაც აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. იგი საბერძნეთისა და იტალიის გალერეებიდან მუდმივად იღებს შეკვეთებს.

თამარ მოდებაძის ნამუშევრები გამოფენილია ევროპის მუზეუმებში, სადაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. მისი ბიოგრაფია უცხოურ კატალოგებშია შეტანილი. 2015 წელს მხატვარი კვიპროსიდან საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და მონაწილეობა მიიღო მილანში MAD გალერეაში გამართულ გამოფენაში, სადაც მის ორ ნამუშევარს “მღელვარე ზღვა” და “ხუთი განზომილება” ხელოვნებათმცოდნეებმა მაღალი შეფასება მისცეს. მიუხედავად სერიოზული აღიარებისა, ძალიან თავმდაბალი ადამიანია, საკუთარ თავზე ლაპარაკი მართლა უჭირს და თვლის, რომ ნიჭიერება და ადამიანობა უბრალოებაშია…

თამარ მოდებაძე: შინაგანად ყოველთვის ქართველი ვარ და ქართველად დავრჩები. ჩემი ქართული ბუნება და ხასიათი ვერც იტალიამ შეცვალა და ვერც კვიპროსმა.
ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ჩემ ქვეყანაში საკუთარი სახელოსნო მქონოდა და იქ მემუშავა.
– რომელია კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ხშირად უსვამთ?
– როდის შევძლებ საქართველოში დაბრუნებას?”