25 იანვარი, 2019

მიხა ხელაშვილის მარგალიტი – “ლექსო, ამოგთქომ, ოხერო”

მიხა ხელაშვილის მარგალიტი - "ლექსო, ამოგთქომ, ოხერო"“ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,” – მიხა ხელაშვილის ეს ლექსი ქართული პოეზიის საგანძურის ნამდვილი მარგალიტია.

ლელა რაზიკაშვილი:

“მას წელს 100 წელი უსრულდება!

ქართველებისთვის ის პოეზიის საგანძურის ერთ-ერთი გამორჩეული მარგალიტია, თუმცა ბევრისთვის უფრო მეტია, ვიდრე ლექსი!

მას მერე, რაც ის 1919 წელს, 19 წლის მიხა ხელაშვილმა ამოიოხრა და ამოთქვა, მან როგორც დევნილმა მეომარმა, ათწლეულების მანძილზე იბრძოლა არა მარტო თავისი ადგილის, არამედ მისი ავტორის სახელის გადარჩენისა და გაქვეყნებისთვის, ზუსტად ისე, როგორც უანდერძეს!

ის კაწალხევის ტყეში გადამალული ტყავის ჩანთიდან მოგვიანებით, სხვა ლექსებთან ერთადაც რომ ამოეღოთ, მაშინვე გაბრწყინდებოდა როგორც მარგალიტი, მაგრამ სულ სხვა გასავლელი გზა დაუწესა მისი შემქმნელის ხვედრმა. 1921 წლიდან ის, დევნილია ტყეში გავარდნილ ამომთქმელთან ერთად! იმალება ხალხის გულებში, მეხსიერებაში, სიმღერებში. ინიღბება ,,ხალხურის“ ეგიდით და მხოლოდ ასე ინახება ბეჭდური სახით, ხალხური პოეზიის კრებულების ადრეულ გამოცემებში. ასე ჯიუტად მიიკვლევს გზას დევნილ ათწლეულებში და მოაქვს არა მხოლოდ პოეტური მუხტი, სილამაზე და სიბრძნე, არამედ ინფორმაცია მისი გმირი და ღალატით მოკლული ავტორის შესახებ!

25 იანვარს, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით 1925 წელს, 25 წლის ასაკში მოკლული სახალხო გმირისა და პოეტის, მიხა ხელაშვილის დაბადებისა და მკვლელობის დღის აღსანიშნავად. ბევრი ლექსი ითქმება, ბევრი სიტყვა, ბევრი სიმღერა და სადღეგრძელო. გავიხსენებთ საბრძოლო თავგადასავლებს, სხვა გმირებსაც, მაგრამ ჩარგლის თოვლიან გზებზე, ყველა ჩვენგანის გონებისა და გულის მეგზური იქნება რითმებად ჩამოყრილი სევდა, რომელიც ძალიან გავს 10 მცნებასავით აუცილებელი, ნაცნობი და მუდმივად ვერშესრულებული ვალდებულების სინანულს და საყვედურს ჩვენ საკუთარ თავებთან…

სხვისი არ ვიცი, მაგრამ ეს სევდა ჩემთვის, მარტო დედის კი არა, დედა ქვეყნის და თუნდაც დედამიწისა და დედასამყაროს საყვედურიცაა…

,,დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმით გვტანჯავს უფალი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა…“

მიხა ხელაშვილის მარგალიტი - "ლექსო, ამოგთქომ, ოხერო"