5 იანვარი, 2019

გია ყანჩელის ფათერაკები მუსიკის გამო

გია ყანჩელის ფათერაკები მუსიკის გამოკომპოზიტორი გია ყანჩელი ხშირად იხსენებს მუსიკასთან მისი ურთიერთობის დასაწყისს. ალბათ ბევრს გაუკვირდება როცა გაიგებს, რომ გენიალური კომპოზიტორი მუსიკაზე მეგობრებისგან მალულად დადიოდა:

“ჩემი მეგობრების შიშით ნოტებს იღლიის ქვეშ ვმალავდი, მასხრად არ ამიგდონ-მეთქი. ამის გამო მრავალი ფათერაკი გადამხდა თავს, მაგრამ მათ რას დავუმალავდი. ჩემი „მუზიკანტობა“ გაიგეს და ბახი შემარქვეს.

პირველი სიმღერა ბავშვობაში დავწერე. ჩემს მეზობლად ავთანდილ გაჩეჩილაძე ცხოვრობდა, ნიჭიერი კაცი იყო, რადიოკომიტეტში მუშაობდა და საბავშვო გადაცემების რედაქციას ხელმძღვანელობდა. მან მთხოვა, დამეწერა სიმღერა პიონერულ თემაზე. დავწერე „ჩვენი რაზმი“ და ეთერშიც გავიდა. ჩემი მეზობელი ცოტა ხანში ისევ მოვიდა თხოვნით, კიდევ ერთი სიმღერა დამეწერა მასწავლებელზე. ამ თხოვნამ ჩემდამი პედაგოგების დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეცვალა.

ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავი სიმღერა „ნიავი არხევს რტოებს“ რომ დავწერე. სიმღერა კონსტანტინე პევზნერს ვაჩვენე. მახსოვს, შემაქო. ამ სიმღერას ედი როზნერის ორკესტრში გიული ჩოხელი მღეროდა.

ჯაზმა კი სერიოზულად მაშინ გამიტაცა, როცა ფილმი „მზიური ველის სერენადა“ ვნახე გლენ მილერის შესანიშნავი, ნოვატორული მუსიკით. ჩვენს ოჯახში ხშირად მოდიოდა ნიაზ დიასამიძე – საოცრად ნიჭიერი, უნიკალური პიროვნება, შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე და ჩემს დაკრულსაც ხშირად ისმენდა. დადგებოდა ჩვენი სახლის ფანჯარასთან, გადახედავდა „გოფილექტის“ ბაღს, რესტორანს, მიუბრუნდებოდა მამაჩემს და ეტყოდა, ბატონო საშა, აფსუსი არ არის, თქვენ აქ ცხოვრობდეთ და მე ბელინსკის ქუჩაზეო.”