Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ტარიელ ხარხელაურის აღსარება

22 დეკემბერი, 2018

ტარიელ ხარხელაურის აღსარება პოეტი ტარიელ ხარხელაური და მისი ლექსები იმიტომ უყვარს ათასობით მკითხველს, რომ გულწრფელია.
შემოქმედის გულწრფელობის დადასტურებაა მისი ლექსიც “აღსარება პარტრიარქს”:

“თქვენო უწმინდესობავ, მე ფარ-ხმალი დავყარე –
შიში ისე მოედო ჩემს სისხლსა და საფშვინველს,
არაფერი არ შველის კეთრით სნეულ სამყაროს,
მსოფლიო მძვინვარება როგორ ძლიერ მაშინებს.
არაფერი არ დამრჩა ირგვლივ დაუკოცნავი,
წინაპართა საფლავებს მუხლმოყრილი ვეახლე,
თქვენო უწმინდესობავ, ალბათ უკვე დროც არის –
შევეგუო წარმღვნელს და დამანგრეველ სიახლეს.
ბევრი ღამე მუხლმოყრილს მიტირია ხატებთან,
რომ როგორმე ჩემს ძველ სისხლს ეგრძნო შვება მცირედი,
მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის ის დილა არ გათენდა –
გაღვივება ვერ შევძელ მინავლული იმედის.
თქვენო უწმინდესობავ, დღეს ყველაფერს დრო ცელავს,
უმძიმს ხნიერ პლანეტის ჩამოღვენთილ იოგებს,
თქვენო უწმინდესობავ, როგორ შევძლო მოთმენა –
მექცეოდეს სამშობლო, და მე არა მტკიოდეს…
ხან თუ გაბეზრებული ფიქრს ნისლივით ამოვშლი,
იქ ვარ ჩამომჩვარული, სადაც უნდა ვხვიოდე,
თქვენო უწმინდესობავ, ამ შემზარავ ქაოსში
როგორ შესამჩნევია ჩემი ქვეყნის სიობლე.
ჩემი ყოფნა სამზეო დროით განსაზღვრულია,
კოშმარული ხილვები და ქარები მარწევენ,
აქ ჩემ ირგვლივ რაც ხდება, შევეგუე სრულიად,
არაფრისგან არ ვცდილობ ახლა თავის დაღწევას.
თქვენო უწმინდესობავ, დრო მკარნახობს რომ ვცდები,
ვერ ავყარე ფიქრები საშიში და მზარავი,
ყოველ მზის ამოსვლისას გამოვდივარ ლოცვებით
და ცრემლივით სველია ჩეი ლურჯი კარავი.
თქვენო უწმინდესობავ, აქ სტრიქონი ყოველი
ჭმუნვით გაჯერებული გულის მონაწერია,
ვდგავარ ქედდადრეკილი და შენდობას მოველი,
ამ ცოდვათა შენდობა – ვიცი რთულზე რთულია.
თქვენო უწმინდესობავ, დამიშვია აფრები,
აირია ამინდი, და ხშირია ნისლობა,
ის რაც ეჭვს გარეშეა, დროში ვერა ვთანხმდებით –
საქართველოს გარეშე მე და მარადისობა.
თქვენო უწმინდესობავ, ტკივილების შენდობას
ამ ტკივილთა გარეშე როგორ გაგიბედავდი,
ჩემი ჩამონისლული პოეზიის ერდოდან
შენს ლოცვებში, და შენში, საქართველოს ვხედავდი.
თქვენო უწმინდესობავ, ახლა ღონემიხდილი
დასერილი ფიქრებით მინდორს ვგავარ ნაურმალს,
მეშინია სიცოცხლის, არც შვებაა სიკვდილი –
ვიდრე ჩემი მამული ასე ძლიერ მაურვებს.
თქვენო უწმინდესობავ, თუ ფარ-ხმალი დავყარე,
შიში ისე ხარბად ღრღნის ჩემს სხეულს და საფშვინველს,
ახლაც შეშფოთებული ვაკვირდები ვარსკვლავებს,
მსოფლიო მძვინვარება როგორ ძლიერ მაშინებს.”