30 დეკემბერი, 2018

“საყვარელო სანტა, ცუდ ბავშვებს უფრო სჭირდებათ საჩუქრები…”

"საყვარელო სანტა, ცუდ ბავშვებს უფრო სჭირდებათ საჩუქრები..."ასე მიაჩნია მწერალ ლია ლიქოკელს და სანტას წერილს სწერს:

“წერილი სანტას

ძვირფასო სანტა, ვფიქრობ, ჩემზე არაფერი იცი. როცა ბავშვი ვიყავი, შენი არსებობის არ მჯეროდა, ალბათ ამის გამო ცუდ ბავშვებში გავდიოდი და შენგან საჩუქარი არასოდეს მიმიღია.

მერე დიდობაში მოვხვდი. დიდები ისეთი სერიოზული ხალხია, გაგიკვირდება. წარმოიდგინე და ფიქრობენ, რომ არაფერში სჭირდები. სურვილებიც ისეთი აქვთ, მთქნარებით მოკვდები, საჩუქრებსაც კი თვითონ ჩუქნიან საკუთარ თავებს. მარტო ჭკუის დარიგება არ ეზარებათ და სულ გაიძახიან, ასეთი და ისეთი უნდა იყო, და თუ რამე არ გამოგივა, ეშმაკსაც წაუღიხარო.

საძაგელი ხალხია, ჰო. მაგათ რომ ჰკითხო, არც ტალახში თამაში შეიძლება, არც ქვიშის კოშკების აგება, არც ცხვირის წატეხვა. საერთოდაც, თუ რამეს აკეთებ, ყველაფერს აზრი უნდა ჰქონდეს და “შედეგი მოიტანოს”.

ყველაფერი განსაზღვრულია – როგორ მოიქცე, როგორ გამოიყურებოდე, როგორ გიყვარდეს.. საითაც გაიხედავ, სულ კედლები აქვთ ამოშენებული, ყველგან ღობეა და ამოუდგებიან ამ ღობეებს აქეთ-იქიდან და ერთმანეთს ეჩხუბებიან. თან, არ დაგავიწყდეს – ამას ძალიან სერიოზულად აკეთებენ.

მოკლედ, დიდი მოსაწყენი თამაშია ეს დიდობანა. ისეთი წესები აქვს, ზოგჯერ ვერც გაიგებ, კარგად მოქცევა და ცუდად მოქცევა რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამ თამაშში მე სულ ცუდი ბავშვი გამოვდივარ.

ჰოდა, ძვირფასო სანტა, იქნებ გაქვს სადმე ჩემნაირი, დიდობით დაღლილი ბავშვების სია. იქნებ გადახედო და ჩემი სახელი იპოვო.

ბევრი არაფერი მინდა – მარტივი სურვილები მაქვს. უბრალოდ სიხარული მჭირდება. შეგიძლია ერთ ამბად შეფუთო და ისე მომიტანო, ან დაანაწევრო, დაავალო რომელიმე ელფს და მთელი წელი ყოველდღე მიგზავნოს.

გავხსნი ხოლმე დილაობით და ვივლი ბედნიერი. თან მარტო ჩემთვის კი არ დავიტოვებ, მთელ ქვეყანას მოვდებ, რა სიხარულია ცხოვრება.

ჰოდა, შემომიარე. თუ ამ ახალ წელსაც მარტო შევხვდი, დავსხდეთ მე და შენ, დავლიოთ და ვილაპარაკოთ. მინდა იცოდე, რომ ჩემნაირებიც გელოდებიან.

თანაც, საყვარელო სანტა, ცუდ ბავშვებს უფრო სჭირდებათ საჩუქრები…”