29 დეკემბერი, 2018

პანტომიმის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს

პანტომიმის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავსპანტომიმის სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს, თუმცა მისი სახელი და გვარი არ შეცვლილა – ამირან შალიკაშვილი.

როგორც თეატრის დამაარსებელი ამირან შალიკაშვილი ამბობდა, პანტომიმის თეატრს მეორე ნახევარი საუკუნე ისევ ამირან შალიკაშვილი უხელძღვანელებს!

ამირან შალიკაშვილმა, ახლა უკვე უფროსმა, განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ათწლეულების მანძილზე არსებული პრობლემის მოგვარებაა. ეს პრობლემა არის შენობა, რომელიც სწრაფი ტემპით უნდა აშენდეს.

ამირან შალიკაშვილი:

– ჩვენი თეატრის პრობლემა მოგვარებული იყო საკმაოდ კარგად, სანამ მე არ შევხვდი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხელ სააკაშვილს. ამას პირველად ვამბობ… მე მას შევხვდი 2012 წლის ივლისის თვეში და ვთხოვე რუსთაველის ტერიტორიაზე არსებული პანტომიმის თეატრის შენობის რემონტი, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე, თუმცა მოვლენები საშინლად განვითარდა.

მან ამავე წლის 31 აგვისტოს არჩევნების წინ 1 ლარად გაყიდა თეატრის ნაწილი 360კვ.მ. აქვე აღმოჩნდა, რომ მანამდე ნაწილ-ნაწილ 176კვ.მ და 286კვ.მ. უკანონოდ ჰქონდათ გასხვისებული. ნაწილ-ნაწილ შენობის გაყიდვა მეტყველობს უკანონობას, ისინი როგორც მაყურებელი შემოდიოდნენ და ისე ხდებოდა აზომვა თეატრის ფართების და შემდეგ გასხვისება. მათ ვერ შეაღწიეს თეატრის სხვადასხვა ადგილებში, სადაც მხოლოდ მსახიობებს და თეატრის თანამშრომლებს ჰქონდათ შესვლის უფლება, ამიტომაც ასე უკანონოდ ნაწილებად 1 ლარად გაიყიდა ნახევარი საუკუნის თეატრის შენობა, რომელიც მსოფლიოში ძალიან ცნობილი გახლავთ.

ეს მხოლოდ თეატრი არაა, ჩვენ გავქვს სკოლა, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ისწავლება და ევროპულ დონეს მოიცავს! თეატრის მთლიანი ფართი შეადგენდა 1800კვ.მ. აქედან გამომდინარე, დღეს თეატრის ბალანსზე 1200-ზე მეტი კვადრატული მეტრი ირიცხება, რომლის დამადასტურებელი საბუთები არსებობს საჯარო რეესტრის არქივში. მინდა აქვე ავღნიშნო, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ არქივიდან გააქრო თეატრის ყველა საბუთი, მათ შორის, დაარსების დოკუმენტებიც, მაგრამ ამირან შალიკაშვილს აღმოაჩნდა შენახული დედნის სახით საბუთები, რომელიც ჩვენს მიერ არქივში იქნა შეტანილი.

ამავე წელს საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი დახურეს და გახსნეს ახალი თეატრი მერიის დაქვემდებარებაში. თეატრს გადასცეს ტერიტორია 9 აპრილის ბაღში, რომ ჰქონოდა იურიდიული მისამართი და რაც ყველაზე სამწუხაროა, გაანადგურეს ამირან შალიკაშვილის თეატრის დაარსების საბუთები და თვითონ დაარსეს თეატრი!

ეს არის დიდი დანაშაული, რაზეც შალიკაშვილი ძალიან ნერვიულობდა. მე არ დავაბრალებ მის სიკვდილს, მაგრამ ეს ერთ-ერთი სანერვიულო და მტკივნეული საკითხი იყო მისი ბოლო წლების განმავლობაში!

დღეს თეატრს აქვს რეალური შანსი დაიბრუნოს წართმეული შენობა, თუმცა ამავდროულად ქვეყანას აქვს ერთადერთი შანსი, რომ აშენდეს და შევიდეს ისტორიაში ყველა ის ადამიანი, რომელიც ამაში მონაწილეობას მიიღებს. მე რომელიმე ინვესტორზე მეტად თბილისის მერის კახი კალაძის იმედი მაქვს, ვხედავ რომ მას აქვს ამის მონდომება. ვფიქრობ, რომ ის გადაწყვიტავს და ძალიან მალე მოაგვარებს ამ დიდ პრობლემას. საერთოდ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსის ქეისში არსებობს კულტურის განვითარების გზების განხორციელება და თეატრის აშენება ძალიან ძლიერი საკითხი და ისტორიისთვის გამორჩეული მოვლენაა, ამიტომ ბატონმა კახიმ უნდა გადადგას ნაბიჯი, თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოს გარკვეული თანხები და შემდეგ უკვე ჩავრთოთ ინვესტორიც, რომელსაც ძალინ უნდა რუსთაველის ტერიტორია, მაგრამ 1 ლარად მისთვის გადაცემა აღარ გამოვა, კეთილი უნდა ინებოს და თანხები გაიღოს თეატრის ასაშენებლად.

რაც შეეხება თეატრის მაშტაბებს, უნდა ვიხელმძღვანელოთ რუსთაველის ტერიტორიის მაშტაბებით და იქიდან გამომდინარე დაიხარჯოს ის, რაც ღირს დღეს რუსთაველზე კაზარიანცის სახლში 1800 კვ.მ. კომერციული ფართი! ეს უნდა იყოს თანამედროვე შენობა, რომელშიც ყველაფერი იქნება განთავსებული მაგალითად: თეატრი, საერთაშორისო პანტომიმის ცენტრი, სკოლა, სტუდია, საერთაშორისო ბაზარზე მორგებული ყველანაირი პირობა, სადაც გაიცემა ამირან შალიკაშვილის სერტიფიკატები და იქნება ბაზა, სადაც ჩამოსული სტუდენტი მიიღებს ყველანაირ განათლებასა და კომფორტს!

აი, ეს არის ჩემი პირველი საქმე და მიზანი, ამის გარეშე მე ვერ დავაყენებ თეატრს ფეხზე და ყოველთვის ხელისშემშლელი იქნება თეატრის განვითარებისთვის, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი და შემდეგ ახალ აშენებულ თეატრს მიენიჭოს ამირან შალიკაშვილის სახელი, ეს იქნება მისი დაფასება. თუკი დღეს რაიმე დაფასებაზე ვფიქრობთ, ამის გარდა არაფერია შალიკაშვილის დასაფასებელი ქვეყნის მიერ! ჩვენ უნდა ვიფიქროვ იმაზე თუ რა შექმნა მან, გადავხედოთ მის ისტორიას, ნახეთ რამდენი თაობა გაზარდა და რამდენად წარმატებულები არიან მსოფლიოში, რამდენ თეატრში დღეს ცოცხლობს მისი ხელწერა და საერთოდ დღეს თეატრალური უნივერსიტეტი მისი შექმნილი სკოლით ხელმძღვანელობს. აბა, გადახედეთ, როდესაც თეატრალურში სწავლობთ აფექტურ მოძრაობას, სცენურ მოძრაობას, პლასტიკას – რა არის ეს? ეს არის ზუსტად შალიკაშვილის ხელოვნება, რომელიც მან შექმნა და დიდი ეპოქა დატოვა!

რა თქმა უნდა, ბევრი ინოვაციური და ახალი პროექტი მაქვს. ასევე ვგეგმავ რეორგანიზაციას და სწრაფი ტემპით განვითარებას, მაგრამ ამ ეტაპზე, სანამ თეატრის შენობის პრობლემა არ მოგვარდება, აზრი არ აქვს ამაზე საუბარს. საუბარს ჯობია საქმე ვაკეთოთ და თქვენ საქმით დაინახავთ, თუ როგორ აგრძელებს შალიკაშვილის თეატრი სიცოცხლეს.

აქვე გეტყვით, ახლახანს აღმოვაჩინე, რომ მამაჩემს კახა კალაძესთვის გაუგზავნია (ჩემი ბოლო სიტყვა) ასეთი სათაურით 3 გვერდიანი წერილი, რომელშიც ყველაფერს წერს. ერთი სიტყვით, ეს ანდერძია, რომელიც დაუტოვა ქვეყანას, ოღონდ წერს კახის, რადგან მასაც ჰქონდა მისი იმედი. ვფიქრობ, რომ მას ეს მიღებული აქვს და ანდერძის არშესრულება ძალიან ცუდია ადამიანის ცხოვრებაში. თითქოსდა გული უგრძნობდა, რადგან 5 დღით ადრე ასეთი წერილი დაწერა, ამიტომ ძალიან მალე უნდა მიეხედოს ამ პრობლემას და, ბოლოსდაბოლოს, მოგვარდეს სახელმწიფოსგან ეს საკითხი, რადგან სახელმწიფომ გაანადგურა. გასაგებია, რომ ის წინა ხელისუფლება იყო, მაგრამ დღეს ხომ გვყავს საღად მოაზროვნე ადამიანები ხელისუფლებაში და ხომ გვინდა ქვეყნის განვითარება?! ამიტომ ავაშენოთ ლამაზი თეატრი, ისეთი არა, როგორიც სააკაშვილს უნდოდა ტრუბების სახით და მაინც არ გამოუვიდა, უფრო ლამაზი, თანამედროვე და პანტომიმასთან დაკავშირებული შალიკაშვილის თეატრი!

ქვეყანაში სახელმწიფო თეატრი არ აშენებულა საუკუნის მანძილზე და ზუსტად ახლა არის ამის დრო!

ველოდები კახი კალაძეს და ვიმედოვნებ, ჩვენ ძალიან მალე ერთად გამოვალთ დაგაჩვენებთ, თუ სად აშენდება შალიკაშვილის თეატრი!”