23 დეკემბერი, 2018

ლაშა ღლონტი: “მაქვს კარგი იდეა!”

ლაშა ღლონტი: "მაქვს კარგი იდეა!"მომღერალი ლაშა ღლონტი ახალი და ორიგინალური იდეით გამოდის და ტურიზმის დეპარტამენტს და მერიას ამ საკითხით დაინტერესებას სთხოვს:

“მაქვს კარგი იდეა. იქნებ განიხილოს ტურიზმის დეპარტამენტმა ან მერიამ. მოგეხსენებათ, ქართული ქალაქური სიმღერა და განსაკუთრებით ოჯახური სიმღერა უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში. არსად ოჯახებში ისე არ მღერიან, როგორც საქართველოში. იქნებ შეიქმნას და დაფინანსდეს რაიმე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შევთავაზებთ ვიაიპი ტურისტებსა და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ქართული სიმღერის, ასევე ღვინისა და სამზარეულოს პრეზენტაციას უშუალო გარემოში – ქართული ოჯახებში. ეს ადამიანებიც დასაქმდებიან, ეკონომიურადაც გაძლიერდებიან, მეტი ენთუზიაზმით შეაყვარებენ სტუმრებს ქართულ კულტურას. ნამდვილი ქართული სიმღერა ოჯახებში ისმინება.

ძალიან ბევრი ახალგაზრდა მღერის უკვე საკმაოდ კარგად. და ჩვენ შეგვიძლია ისინიც დავასაქმოთ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ქართული სამზარეულო და სიმღერა, ასევე ქართული ღვინო შევთავაზოთ ოჯახურ გარემოში. ისევე როგორც ნეაპოლიტანური სიმღერა ან ფლამენგო, ქართული ქალაქური სიმღერა მსოფლიო მემკვიდრეობაა და მისი პრეზენტაციისათვის რესტორნებზე უფრო ქართული ოჯახები მიმაჩნია მიზანშეწონილად. თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე მსოფლიო მოსახლეობის მოთხოვნას ავთენტურობასა და ბუნებრიობაზე, არსებული კონცეფცია სრულად აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს.

მსგავს მოდელს სულ მალე შემოგთავაზებთ ჩვენი ოჯახის მაგალითზე. ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მიმაჩნია გვერდში დავუდგე ამ წამოწყებას და ვიცი, ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა დამიჭერს მხარს ამ საქმეში.

მაინტერესებს მოსახლეობის გამოხმაურება. დიდი მადლობა. მიყვარხართ! გაუმარჯოს ქართულ სიმღერას!”