2 დეკემბერი, 2018

ირანელი არტისტი საქართველოში არ შემოუშვეს

ირანელი არტისტი საქართველოში არ შემოუშვესსაქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს ჩვენი ქვეყნის მესაზღვრეებმა შემოსვლაზე უარი განუცხადეს ირანელ არტისტს Ahu-ს.

ინფორმაცია ამის შესახებ კლუბმა “მტკვარზე” გაავრცელა:

“საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს აბსოლუტურად გაუგონარი მიზეზით ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს ჩვენს დღევანდელ სტუმარს Ahu-ს, რომელიც კლუბში დაგეგმილი Deep House Tehran Showcase ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო.

გვინდა რამდენიმე სიტყვით განვმარტოთ სიტუაცია და ჩვენი პოზიციის შესახებ განვაცხადოთ. Deep House Tehran Showcase უნდა ყოფილიყო (და არის კიდეც) ჩვენი კლუბის პირველი ნაბიჯი თბილისს, როგორც ახალ აღმოსავლეთში გამორჩეულ კულტურულ ცენტრს, დაეწყო სისტემური და ძლიერი კულტურული კავშირების ჩამოყალიბება მეზობელ ქალაქებთან, სადაც საცეკვაო კულტურა ჯერ კიდევ დიდ ზეწოლას განიცდის სახელმწიფოს, ულტრაკონსერვატიული ჯგუფების ან ბაზრის მხრიდან. ამ ახალი კულტურული მიმართულების ფარგლებში ვგეგმავთ მოვიწვიოთ სტუმრები პალესტინიდან, სერბეთიდან, ისრაელიდან და ა.შ. თუმცა ამ ყველაფრის შესახებ შემდეგ და ეტაპობრივად გაიგებთ.

ახლა დავუბრუნდეთ Ahu-ს მიმართ განხორციელებულ არასამართლიან ქცევას საქართველოს სასაზღვრო კონტროლის მხრიდან. Ahu არის არტისტი თეირანიდან, რომელიც ლეიბლ Shahr Farang-ით უდიდეს გავლენას ახდენს ირანის კულტურულ ცხოვრობაზე. ჩვენი სამი სტუმრიდან Ahu ერთადერთია, რომელმაც შეძლო დაეტოვებინა ირანი და ამჟამად ბერლინში ცხოვრობს. მისი მოღვაწეობის, კულტურული გავლენისა და ემიგრაციის შედმეგ ჩვენც და არტისტსაც გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ირანის მთავრობისთვის ის სასურველი პერსონა არ არის. სამწუხაროდ, ამ მიზეზით თანამედროვე აღმოსავლეთის ერთ-ერთი განსაკუთრებული არტისტი არასასურველი პერსონა აღმოჩნდა საქართველოსთვისაც.

კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ პარასკევს ღამით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობდით სიტუაციის გასარკვევად და არტისტის დასახმარებლად და ვცდილობდით დავკავშირებოდით ქალაქის მიერ სპეციალურად საკლუბო სცენისა და გართობის ინდუსტრიისთვის დანიშნულ პერსონას, სახელმწიფომ და ქალაქმა არანაირი ინტერესი არ გამოავლინა და ყველა მხრიდან უპასუხოდ დაგვტოვა. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ახლა თბილისში ღამის ეკონომიკის ფორუმი მიმდინარეობს, ასეთი უყურადღებო ქმედება სახელმწიფოს და ქალაქის ადმინისტრაციისგან ადასტურებს, რომ ისინი საკლუბო სცენას ხედავენ მხოლოდ როგორც ეკონომიკას და არცერთ შემთხვევაში, როგორც კულტურულ სივრცეს.

Deep House Tehran Showcase მტკვარზე მაინც ჩატარდება. Nesa Azadikhan და Payam Parvizi თქვენთვის მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავენ. იმედი გვაქვს, რომ მოხვალთ და დააფიქსირებთ თქვენს მხარდაჭერას არტისტების და თბილისის საკლუბო სცენის, როგორც კულტურული სივრცის მიმართ.”

ირანელი არტისტი საქართველოში არ შემოუშვეს