Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გულის ამაჩუყებელი ამბავი გიორგი კალანდიასგან

22 დეკემბერი, 2018

გულის ამაჩუყებელი ამბავი გიორგი კალანდიასგანისტორიკოსი გიორგი კალანდია მკითხველს უამრავი საინტერესო ისტორიით ანებივრებს. გამონაკლისი არც სოფელ წილკნის ეკლესიის ეზოში ერთ-ერთი საფლავის ქვაზე ამოკითხული ამბავია.

გიორგი კალანდია:

“სულ მაინტერესებს, როგორი იყო ჩვეულებრივი ხალხის განწყობა, ემოცია, როცა 100 წლის წინ დამოუკიდებელი საქართველო შექმნეს და მერე იმ დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრობდნენ.

მაინტერესებს ეს ყოველგვარი პათეტიკის, საგაზეთო სტატიების, მოწოდებებისა და მანიფესტების გარეშე. ჩვეულებრივი ენით მოთხრობილი, უშუალო გრძნობით გადმოცემული….

და ამ განწყობას დღეს სოფელ წილკანში, ეკლესიის ეზოში ერთ-ერთი საფლავის ქვაზე მივაგენი. ნახეთ, რა წერია ამ შესანიშნავ ეპიტაფიაზე:

“გარდავიცვალე დროსა ქვეყნისა დიდი რუსეთის გადაბრუნებისა და კეთილისა დამყარებისა თავისუფლების, გაჭირების ქვეყნისა შემდეგ მოჰყვა დიდ სენი და იმა სენს მოვყევ მე და იმით აღსრულდა ჩემი აღსასრული და დამრჩა ამა ქვეყნად ჯიელი ქმარი და წვრილშვილები, იმათთან ჩემი სიყვარული დაუსრულებელია, ჰოი, ჩემნო მოყვასნო და ნათესავნო შემინახეთ გულით ამოსკვნით ჩემი პატარა ქმარ-შვილი, თქვენისა თამრისა. ესე ძეგლი ამიშენა დედმამამ, წარმკითხველო, შენდობასა გთხოვ.”

მართალია სევდიანი ისტორიაა, მაგრამ როგორი წრფელია, როგორი ნამდვილი, თამარისათვის საქართველოს თავისუფლება “კეთილის დამყარება” ყოფილა, იმპერიის დაშლა კი “დიდი რუსეთის გადაბრუნება”.

რა სამწუხაროა, რომ ამ ახალგაზრდა ქალბატონს იმ ხანმოკლე თავისუფლების ბედნიერება ბოლომდე ვერ უგრძვნია, რადგან სიკვდილით აღსრულებულა მისი აღსასრული, თუმცა ახალგაზრდა თამარი მაინც ჯიუტად იმეორებს, რომ მისი სიყვარული დაუსრულებელია და იმასაც გვთხოვს წამკითხველებს, რომ მისი სახელი ისტორიას “გულის ამოსკვნით” შევუნახოთ.”