5 დეკემბერი, 2018

დიდი საახალწლო სიურპრიზი მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან

დიდი საახალწლო სიურპრიზი მოზარდ მაყურებელთა თეატრისგან27 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მოზარდ მაყურებელთა თეატრი ბავშვებს საახალწლოდ დიდ სიურპრიზს სთავაზობს – სცენაზე გაცოცხლდება ერთ-ერთი ყველაზე რომანტიული და პოპულარული ზღაპარი სიყვარულზე – ამბავი უფლისწულზე, რომელსაც ჯადოქარი ურჩხულად აქცევს.

მიუზიკლისთვის საგანგებოდ ითარგმნა ქართულად სიმღერის ტექსტები, ხოლო ალან მენკენისა და ჰოვარდ ეშმანის ცნობილი მუსიკის გარდა, სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის შეიქმნა რამდენიმე მუსიკალური თემა. მოჯადოებული ურჩხულის სასახლეში ბავშვები შეხვდებიან საყვარელ პერსონაჟებს: ბელსა და მორისს, ლუმიერსა და კოგსვორთს, ქალბატონ ჩაიდანს, მადამ დე გარდერობსა და სხვებს. ჯადოსნური ზღაპარი ნებისმიერი თაობის მაყურებელს მოხიბლავს.

პროექტის ავტორია ლევან გვაზავა, დამდგმელი რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი, მხატვარი – ნინო კიტია, მუსიკალური კონსულტანტი და ქორმაისტერი – ალექსანდრა ლორთქიფანიძე, ქორეოგრაფი – ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ადაპტირებული ტექსტის ავტორი – ანა მირიანაშვილი, ვიდეო ინსტალაცია – ლევან გვაზავა.

საახალწლო სიურპრიზები მხოლოდ ამ სპექტაკლით არ შემოიფარგლება – ყოველი წარმოდგენის წინ თეატრის ფოიეში გაიმართება მუსიკალური კონცერტი სხვადასხვა ზღაპრის გმირის, სანტა კლაუსისა და, რა თქმა უნდა, თოვლის პაპის მონაწილეობით, საპნის ბუშტების შოუ და სხვა გასართობი ღონისძიებები.