29 დეკემბერი, 2018

ასეთია თამთა ბანძელაძის “სამყარო”

ასეთია თამთა ბანძელაძის "სამყარო"თამთა ბანძელაძე პოეტი და ჟურნალისტია. მან ფართო საზოგადოებას საკუთარ ლექსზე კომპოზიტორ მანანა იმედაძის მიერ შექმნილი სიმღერა წარუდგინა. სიმღერას მომღერალი ნათია ქოროღლიშვილი ასრულებს. თამთას სიმღერაზე გადაღებულ ვიდეორგოლთან ერთად მისი ავტორობით გამოცემული ახალი ჟურნალის “სამყარო” პრეზენტაციაც შედგა, სადაც შეიკრიბნენ მსახიობები, მომღერლები, კომპოზიტორები, პოეტები, დიზაინერები და თამთას სიხარული გაიზიარეს.

მანანა იმედაძე, კომპოზიტორი:

“თამთა უნიჭიერესი გოგოა, სათნო, თბილი, კეთილშობილი. მან რამდენიმე ლექსი გადმომიგზავნა სიმღერის შესაქმნელად. თავიდან მემძიმა ეს ლექსები, მაგრამ ინსტრუმენტს რომ მივუჯექი და მუშაობა დავასრულე, მივხვდი, რომ არაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა. მთავარია, რომ შედეგი კარგია და მინდა თამთას კიდევ ბევრი წარმატება ვუსურვო.”

ნათია ქოროღლიშვილი, მომღერალი:

“მოხარული ვარ, რომ თამთამ თავის ლექსზე შექმნილი სიმღერისთვის შემარჩია. ნიჭიერი და მიზანსწრაფული გოგოა და მჯერა, კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს.”

თამთა ბანძელაძე, პოეტი, ჟურნალისტი:

“ლექსი არის სიყვარულზე, არა კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად სიყვარულზე. ეს არის ძალა, რომელიც გადაარჩენს სამყაროს. ჟურნალი “სამყარო” ჩემი იდეაა. მინდოდა ჩამეტია ამ ჟურნალში მთელი სამყარო თავისი თემებით და შინაარსით.”

ირმა სოხაძე, მომღერალი:

“თამთა ძალიან ნიჭიერი გოგოა. მისი რედაქტორობით და ავტორობით გამოიცა ჟურნალი “სამყარო”, რომელიც ძალიან საინტერესოა. თამთა კეთილი და ჭკვიანი ადამიანია, ძალიან კარგ ლექსებს წერს. მთავარი ამ ცხოვრებაში ხომ სიყვარულია, ამიტომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და ერთმანეთი უნდა გადავარჩინოთ.”

ბელა ალანია, პოეტი:

“ადამიანი პირველ რიგში ადამიანობით ფასდება და მერეა სხვა ყველაფერი დანარჩენი. თამთა ნიჭიერია, რაღაც საოცარ ლექსებს წერს. ის რომ ნიჭიერი არ იყოს, არც მის ლექსებს წავიკითხავდით და არც მისი ჟურნალის პრეზენტაციას დავესწრებოდით. წარმატებები თამთას.”

გიორგი მოსიაშვილი, პოეტი:

“თამთა არის მოტივაცია იმის, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. მას რომ ვუყურებ, ცხოვრების სტიმული მეძლევა. ბედნიერი ვარ, რომ თამთასნაირი ადამიანები არსებობენ ჩვენს გარშემო.”

დათო ამირეჯიბი, ფსიქოლოგი:

“თამთა არის დიდი ესთეტი, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი. ის არ არის ჩვეულებრივი ადამიანი, სულ სხვა სულიერი სიღრმეების მქონეა და დიდი შინაგანი სამყაროს მატარებელია. შემოქმედებითად კრეატიული ადამიანია, არ ისვენებს. ასეთი ადამიანები დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება. მინდა, რაც შეიძლება მეტმა გაიცნოს თამთა და ჰყავდეს ყურადღების ცენტრში, იმიტომ რომ დიდ რესურსებს ატარებს როგორც საკუთარი ცხოვრებისთვის, ასევე სხვა ადამიანებისთვის.”

მერსი სულხანიშვილი, წამყვანი:

“თამთას დიდი ხანია ვიცნობ, ის არა მარტო კარგი ჟურნალისტია, არამედ კარგი პოეტიც. ვუსურვებ წარმატებებს. ის ისეთი ნიჭიერია, მჯერა, ყველაფერი გამოუვა.”

ნატა გულიაშვილი, მსახიობი:

“თამთა ჩემი მეგობარია, მრავალმხრივ ნიჭიერია, ყველა სფეროში შეუძლია იმოღვაწეოს, რასაც ხელოვნება ჰქვია. საქართველო არის ძალიან ბედნიერი, რომ თამთასნაირი ნიჭიერი ადამიანები ჰყავს.”

ასეთია თამთა ბანძელაძის "სამყარო"

ასეთია თამთა ბანძელაძის "სამყარო"

ასეთია თამთა ბანძელაძის "სამყარო"