Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ოთარ ჭილაძე: “სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს!”

1 ნოემბერი, 2018

ოთარ ჭილაძე: "ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის"“ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია. ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს! არა სხეულის საჭურისობას ნიშნავს მონობა და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც,” –  ასე ფიქრობდა მწერალი და პოეტი ოთარ ჭილაძე.

“არტინფო” გთავაზობთ მის მოსაზრებებს, რომლებიც ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის დამაფიქრებელია:

“რწმენადაკარგული ადამიანი ყველაზე დიდი მტერია საკუთარი თავისა, იმავე წამს იწყებს იმ ტოტის ჭრას, რომელზეც ჯერ კიდევ მისი პაპის პაპა მჯდარა და მისი შვილიშვილიც დაჯდებოდა ასე რომ არ მომხდარიყო.”

„ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის.“

„ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება… სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია… ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველაბა კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შემქმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.“

„რაც არ უნდა პათეკიტურად ჟღერდეს, ჩემი ცხოვრებისეული კრედო სამშობლო და სიმართლეა! სხვა იდეალების დევნა, ჯერჯერობით, თუ უნებლიე დანაშაული არ არის, აშკარად ფუფუნებაა ჩვენთვის. ფუფუნება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჯერ ღირსი უნდა გახდე ფუფუნებისა, ანუ, უნდა დაიმსახურო, ისევ და ისევ, სამშობლოსა და სიმართლის სამსახურით.“

“თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა, შიშის დაძლევაა გმირობა. ამიტომაც, რაცკი ცუდია ჩვენში, დროისაგან თავსმოხვეული, სიმარტოვით გაქვავებული – მოიკვეთება, სამუდამოდ. ჩვენს თვალწინ მოკვდება, რადგან ჩვენც გავიგოთ, ვიგრძნოთ, ვიწვნიოთ სიკვდილის ძალა, დაუნდობლობა, და თვალისჩინივით გავუფრთხილდეთ გადარჩენილს. არ დავანებოთ სიკვდილს, მტერს, წყვდიადს… ვიდრე შეგვეძლება, ვიდრე კბილი შეგვრჩება, ფრჩხილი, ფურთხი, გოჯი არ დავთმოთ ჩვენი სულისა, სინდისისა, სიყვარულისა, სიძულვილისა… ანუ, არასოდეს მივატოვოთ სანგარი, ოღონდ, ის სანგარი, სადაც განგება ჩაგვსვამს; და კიდევ ერთი, მადლობა ღმერთს, გამახსენდა! არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, გესმის?! რაც არ უნდა მოხდეს, ვინც არ უნდა გიბრძანოს, დაგაძალოს, გთხოვოს, შემოგაჩეჩოს – არ მიითვისო, რაც არ გეკუთვნის, რისი მითვისებას არ შეიძლება… სხვისი აკვანი, ანდა სხვისი საფლავი, სხვისი წუხილი, ანდა სხვისი სიხარული, სხვისი სალოცავი ანდა სხვისი საგოდებელი.”

“თევზაობა იქამდე არ მოიშლება, ვიდრე თევზი ანკესის ყლაპვას არ მოიშლის.”

“სადაც სიყვარულია, იქ ეჭვიანობაცაა. თუ გიყვარს, ეჭვიანობ კიდეც. თუ არ გიყვარს, არც ეჭვიანობ, არც იცი, რას ნიშნავს ეჭვიანობა, როგორი ბრჭყალები აქვს… ყველაფერი სულერთია შენთვის.”

“ყველა ჩვენგანს ჰყავს მეგობრები, ძალიან ახლობლები და ნაკლებად ახლობლებიც. ზოგიც ისეთი, ათასში ერთხელ რომ მოვიკითხავთ და მაინც მეგობრად რომ ვთვლით. მშობლები, და–ძმა, ნათესავები… მაგრამ ყველა ჩვენგანი მაინც მარტოა საკუთარი ცხოვრების გზაზე!”

“თუ მართლა შეგტკივა ჩემზე გული, ნუკი მომატყუებ, ბედნიერი ხარო, გამარკვიე, რატომ ვარ უბედური.”

“თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს… ყველას გისურვებთ გეპოვნოთ სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით… ცა მიწიდან იწყება… ღმერთმა დაგლოცოთ…”

“დანაშაულია, როცა რა იცი და არც გაღელვებს შენი უვიცობა. კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, როცა არ იცი და ჯიუტად გაიძახი, ვიციო.”

“ბედნიერება უნდა მოითმინო.”

“რატომ ხუჭავს ადამიანი თვალებს, როცა რამე აწუხებს ან სიამოვნებს? იქნებ იმიტომ რომ წუთით მაინც გამოეყოს სამყაროს, მარტო დარჩეს წუხილთან თუ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც მაინც ვერ გაუზიარებს ვერავის.”

“სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება, არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე.“

„მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია.“

„ჩვენ დავდიოდით და ამდენ სახლში არც ერთი სახლი არ იყო ჩვენი, თუმცა, ამაზე არც გვიფიქრია! ვერც დაგვიტევდნენ ალბათ კედლები.“

„კაცი ჯერ საკუთარ თავს უკვდება, მაგრამ საბოლოოდ, სამუდამოდ მაშინ კვდება, როცა ყველა დაივიწყებს, როცა ყველასთვის სულ ერთია, მკვდარია თუ ცოცხალი.“