22 ნოემბერი, 2018

მერი შერვაშიძე – სილამაზით განთქმული ქართველი ქალბატონი

მერი შერვაშიძე - სილამაზით განთქმული ქართველი ქალბატონიულამაზესი მერი შერვაშიძე ბათუმელი იყო, თუმცა ბავშვობა ქუთაისში გაატარა, მოგვიანებით კი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად პეტერბურგში გადავიდა.

გამორჩეული სილამაზის მანდილოსანი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და იმ პერიოდის მოდურ ჟურნალებში მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა.

მერი შერვაშიძემ ცხოვრების თანამგზავრად გიგუშა ერისთავი აირჩია. საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე 1921 წელს იგი ბათუმიდან გემით საფრანგეთში გაემგზავრა. დევნილი ქმარი მერის სტამბოლში შეუერთდა, სადაც გემი რამდენიმე დღით გაჩერდა.

ამ პერიოდში სტამბოლში მსოფლიოს სილამაზის კონკურსი ტარდებოდა, სადაც ქართველმა ლამაზმანმა მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა კიდეც.

საფრანგეთში წყვილი დედაქალაქში დასახლდა. პარიზის ერთ-ერთ უბანში მათ საკუთარი სახელოსნოს გახსნაც შეძლეს. ამ პერიოდს უკავშირდება მერი შერვაშიძის ფრანგული მოდის სამყაროში შებიჯება.

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ სილამაზით განთქმული ქართველი ქალბატონი კოკო შანელის მოდელი გახდა. ამ საქმეში გაწაფულმა პარიზელებმა განსაკუთრებულად აღიქვეს მისი ჩაცმის სტილი და საკუთარი სილამაზის მისეული გადმოცემის ხერხი.

მერი შერვაშიძე პოეზიის მეფის გალაკტიონ ტაბიძის მუზად იყო მიჩნეული. ერთ-ერთი ვერსიით 1935 წელს გალაკტიონ ტაბიძემ შემთხვევით ნახა მერი პარიზში. მერი ლუვრის წინ იჯდა და მომაჯადოებლად ლამაზად გამოიყურებოდა. მოხიბლულმა გალაკტიონმა სწორედ მას შემდეგ მიუძღვნა მერის ცნობილი ლექსი “მერი”.

გალაკტიონი მერის შესახებ ასე წერდა:

„მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი „მერი“, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თითოეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი.. ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!“

მერი შერვაშიძის მეუღლე – გიგუშა ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მათ შვილი არ დარჩათ. მერი მეორედ აღარ გათხოვდა, სრულიად მარტო ცხოვრობდა პარიზში.

ცხოვრების ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, მშვენიერ ქალბატონს იქ მოახლეც კი ჰყავდა. ის ხშირად სტუმრობდა თავის სახლს, სადაც მეგობრებთან ერთად ბანქოს თამაშობდა.

მის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო თაყვანისმცემლების მიერ გამოგზავნილი ყვავილები.

მერი შერვაშიძე 1986 წლის დეკემბერში, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. გადმოცემით, ის სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ინარჩუნებდა სილამაზესა და მშვენიერებას. ბაბო დადიანის თხოვნით კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მერი შერვაშიძეს პანაშვიდი საქართველოში, სიონის ტაძარში გადაუხადა.

სილამაზით განთქმული ქართველი ქალბატონი მეუღლესთან, გიგუშა ერისთავთან ერთად სენ–ჟენევიევის სასაფლაოზეა დაკრძალული.