1 ნოემბერი, 2018

ლევან ღვინჯილია: “მთლად ნუ წავახდენთ ისედაც უფსკრულის პირას მდგარ დედაენას!”

ლევან ღვინჯილია: "მთლად ნუ წავახდენთ ისედაც უფსკრულის პირას მდგარ დედაენას!"ენაცმეთნიერი ლევან ღვინჯილია ისევ მოწოდების სიმაღლეზეა და ოპერატიულად ამხელს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქართულ ენას ამახინჯებს.

ამჯერად ლევან ღვინჯილია ჟურნალისტებს სიტყვა “გაწვევის” მნიშვნელობას უხსნის:

“არა “გაწვევას!”

“გაწვევა” შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისა და არამც და არამც კანონპროექტისა, თუნდაც ეს იყოს “კანონპროექტი კანაფის კულტივირების შესახებ”.

ამდენად, ცდება ყველა ის ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, პარლამენტარი თუ მოხელე, ვისაც მიაჩნია, რომ შეიძლება “პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევა”.

გათხოვნა, გატანა… კი, ბატონო, როგორც “შეტანის” საპირისპირო მოქმედება.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტს კარგა ხნის წინ უნდა მიექცია ამ მასობრივად მოდებული დამახინჯებისათვის ყურადღება და “სუმოს ტერმინოლოგია” მერე დაემუშავებინა.

ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ “პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის” მომხრეები ლინგვისტურად უკვე კარგად დაკანაფებულ-დაბოლილები არიან და არც უფიქრდებიან, რომ მშობლიურსავე ენაში სულიერსა და უსულოს ერთმანეთისაგან უკვე ვეღარ არჩევენ.

ამბობენ, კანაფით “დაბოლებამ” აზროვნების ამგვარდ “გაფერადოვნებაც” იცისო.

მთლად ნუ წავახდენთ ისედაც უფსკრულის პირას მდგარ დედაენას!”