21 ნოემბერი, 2018

ლაშა მარგიანი: “სიყვარული ღმერთივითაა”

ლაშა მარგიანი: "სიყვარული ღმერთივითაა"ასე მიაჩნია პოეტ ლაშა მარგიანს:

“სანამ თვალის გახელა შეგვიძლია,
სანამ ერთი ჩასუნთქვის ძალა მაინც გვაქვს,
სანამ გვყავს ვინმე,
ვინც შთაგვაგონებს ყოველგვარი შეუძლებლის შეძლებას,
სანამ ის რაც გვაიძულებს საკუთარ თავზე ზრუნვას,
სხვისადმი უსაზღვრო სიყვარულია,
მჯერა, რომ არ დავმარცხდებით.
ხომ იცი,
რწმენა მთებს ძრავს
და თვითონ ის აგებს ამ სიტყვებზე პასუხს, ვისგანაც ეს რწმენა მოდის,
ჰოდა, თუ ყოველი განსაცდელი მისგანაა დაშვებული,
მათი დაძლევაც ხომ მის მოწყალებაშია,
იქნებ უფალიც ისე ელის ჩვენგან მისკენ გადადგმულ ნაბიჯს,
როგორც ჩვენ ველით მისგან სასწაულს.
ვფიქრობ და უფრო ვრწმუნდები იმაში,
რომ ისეთი წვრილმანიც კი,
როგორიც სხვისთვის მოდუღებულ ყავის ჭიქაში შაქრის ჩაყრაა,
შეიძლება სიცოცხლის მიღმაც ეყოს საგზლად ადამიანს
უფლისკენ მიმავალ გზაზე,
რადგან მხოლოდ იმ კეთილს საქმეებს აქვს წონა,
რომლებიც ჯერ არ აუწონიათ,
რომლებიც მხოლოდ ღმერთმა იცის სინამდვილეში რამხელებია,
რადგან მიწიდან ვარსკვლავებიც პურის ნამცეცებს ჰგვანან.
განა მხოლოდ ადამიანებს…
ყოველ დილით,
ფანჯრის რაფაზე
პურის დაფხვნილ ნამცეცებს რომ ვტოვებდეთ,
ჩიტებსაც კი გაუჩნდებოდათ ჩვენი იმედი.
სიყვარული ღმერთივითაა
და მიუხედავად იმისა,
რომ რწმენა უფრო გვაკლია, ვიდრე ემოცია,
სიყვარულისგან უფრო ხშირად ვითხოვთ სასწაულს,
ვიდრე უფლისგან,
მაგრამ სიყვარული ვერასდროს იქნება იმდენად ნამდვილი,
როგორც ქრისტეს ჭრილობები
თომას შეხებისას.”