Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კატო ჯავახიშვილის გაფრთხილება

5 ნოემბერი, 2018

კატო ჯავახიშვილის გაფრთხილება– ნუ აიძულებ ამ ხალხს განაჩენი გამოგიტანოს, – ასე აფრთხილებს პოეტი კატო ჯავახიშვილი ხელისუფლებას:

“მშიერი ბავშვების და მოხუცების, ნაგავსაყრელების და ბანკზე ცხვარივით გამობმული ხალხის გაუმაძღარო მთავრობავ, ამ ხალხის ფულით აშენებულ ვილებში სავარძლებში მისვენებულო და ბასეინებში მოლივლივე გალაპლაპებულო ხორცის ნაჭერო, ყველა ქუჩაზე აზარტული თამაშების რეკლამებს და პოლიტიკოსების გამოთაყვანებულ უდარდელ ღიმილს რო გვატენი ცხვირში, ჭკვიანი და მოაზროვნე ადამიანები რომ არ გჭირდება და ბიუჯეტის შესავსებად და თვალის ასახვევად ყველაზე იაფფასიან გზებს რომ ეძებ აგერ უკვე ექვსი წელია, ექვს წელში ის რომ მოახერხე, რომ ხალხს თავი შეაზიზღე, შენ, ვინც არ დასაჯე დამნაშავე, არ აღადგინე სამართალი, უბრალოდ არ შეიყვარე ეს ქვეყანა.

კულტურა თავის გადასარჩენად და მოსაწონებლად რომ გჭირდება, პატივცემულ მომავალ პრეზიდენტს მწერლები თავისნაირად არხეინად მყოფები რომ ვგონივართ და ფრანკფურტში “სეირნობას მოწყურებულებს” თითს გვიქნევს, ხალხის ფეხის ბიჭი ხარ შენ, ხო მოგხვდა არჩევანი რომ არ დაუტოვე იმ ხალხის სილა, ჰოდა, აწიე ახლა ეგ დასვრილი უკანალი და როგორც გინდა დაალაგე ეს ქვეყანა, და არ გეგონოს, რომ თუ ხალხმა კიდევ ერთხელ დაგინდო და არჩევანი ცუდსა და ცუდს შორის, შენს სასიკეთოდ გააკეთა, რამე შენი დამსახურებაა. რამე შენ დაიმსახურე. თუ საარჩევნო კლიპში მოღიღინე ხალხი გგონია ქვეყანა? “შენი საქართველო” მხოლოდ პარტიული სულისკვეთებით ანთებული ხალხია?

ნუ აიძულებ ამ ხალხს განაჩენი გამოგიტანოს. მოგვეცი იპოდრომი, ჩვენ, ვისაც გვიყვარს ეს ქალაქი, გამოიძიე ხორავას ქუჩის საქმე, დასაჯე ყველა დამნაშავე, შემოიჭირე მუცელზე ქამარი, იზამ? გააკეთებ? ბევრი მოგთხოვე? არა და შენ თავად მოიყვან იმ აღორძინებულ ნაციონალურ მოძრაობას, შენი არაფრის კეთების საპირწონედ მოიყვან, რადგან არ არსებობს უუნარობა, არსებობს ნება იყო უუნარო და ეს უკვე შენი არჩევანია. ჰო, შენი არჩევანი იქნება პატივცემულო საქართველოს მთავრობავ.”