6 ნოემბერი, 2018

გია მურღულია: ”განა ეს არ არის მართლაც ჩვენი ცხოვრება?”

გია მურღულია: ”განა ეს არ არის, მართლაც, ჩვენი ცხოვრება?”– მთელი ისტორიაა ერთიდან ცხრამდე. რამდენი ამბავია “ერთში” და რა სწრაფად მიდის ყველაფერი “ორიდან” “ცხრის” ჩათვლით. ერთი ამბავი – ცხრა განზომილებით. განა ეს არ არის, მართლაც, ჩვენი ცხოვრება? – კითხულობს განათლების სფეროს ექსპერტი გია მურღულია:

“ცხოვრება დათვლასავით არის – ერთიდან ცხრამდე. “ერთი” დაბადებაა, “ცხრა” – სიკვდილი. პირველი დასაწყისია, მეორე – დასასრული… ან – ახალი დაბადება.

გინდა სერიოზულად თქვი, გინდაც ხუმრობით – მაინც ასეა.
ეს გავიფიქრე, როდესაც ვახტანგ ჯავახაძის ერთი, 1974 წელს დაწერილი, უსათაურო ლექსი გადავიკითხე:

“ერთ სოფელში ერთხელ ერთი
ბერიკაცი ცხოვრობდა,
ერთხელ ერთი ბერიკაცი ცოლმა გააბოროტა.
ერთი მაგრად გამოთვრა და
სათქმელს ჩაჰყვა ბოლომდე:
– რატომ, რატომ, რატომ, რატომ,
რატომ გამაბოროტე?..
ცოლმა უთხრა:
– კარგი ერთი, ვეღარა გცნობ ბოლო დროს,
ერთმა სიტყვამ
ასე როგორ უნდა გაგაბოროტოს?!
არ დამშვიდდა ბერიკაცი, კაფა გაუკაფავი,
ერთი სიტყვით,
ერთ სოფელში ატყდა ერთი ამბავი.
მერე უცებ გაიბუტა ბერიკაცი ღრენია
და ოჯახში ორი ღერი სიტყვაც არ დასცდენია.
მიატოვა სამი შვილი და ოთხივე ბადიში,
ორღობეში გაეხირა, როგორც თევზი ბადეში.
ხუთი ვერსი გაიარა, გზაზე გიჟად მონათლეს,
ექვსი ოქრო უწყალობა გაუქმებულ მონასტერს.
მეშვიდე დღეს გამოვიდა მყუდრო სალოცავიდან,
რვა სანთელი წაიღო და
ცხრა მთას იქით წავიდა.”