2 ოქტომბერი, 2018

ვუნდერკინდები მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავში

ვუნდერკინდები მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე თელავშიმუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 7 ოქტომბერს დაუვიწყარ საღამოს გვპირდება.

მსმენელის წინაშე წარსდგებიან უნიჭიერესი მუსიკოსები, ვუნდერკინდებად წოდებული ჩელისტი ბრუნო ფილიპი და მევიოლინე მატვეი ბლუმინი. ორივე მუსიკოსი უკვე კარგად არის ცნობილი მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში და მათ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ჩელისტ ბრუნო ფილიპს ADAMI-ს „კლასიკური მუსიკის აღმოჩენის“ წოდება მიენიჭა. მის შესახებ გაზეთი La Libre Belgique წერს: „ბგერის სიფაქიზე და სითბო, პოეტურობა, ენერგეტიკა, მდიდარი წარმოსახვა და ბრწყინვალე ტექნიკური შესაძლებლობები ჩვენს თვალწინ ქმნიან შემოქმედს, რომელიც თვითმყოფადია და ყველასგან გამორჩეული“. ბრუნო გამოდის მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში პარიზში, ბერლინში, ტულუზაში, მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებში და წარმატებებსაც აღწევს.

მევიოლინე მატვეი ბლუმინი არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მის ანგარიშზე რამდენიმე გრანპრი და პირველი პრემიაა. 13 წლის მევიოლინეს მოპოვებული აქვს პირველი პრემია პორტუგალიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე “The 21st Century Art”, პირველი პრემია კოგანის სახელობის მევიოლინეთა და ვიოლონჩელისტთა კონკურსზე უკრაინაში, პირველი პრემია ახალგაზრდა მევიოლინეთა VII საერთაშორისო კონკურსზე “BRAVO” ბელგიაში, ზედიზედ ორჯერ მიღებული აქვს გრანპრი საერთაშორისო კონკურსზე „მოწოდება – მუსიკოსი“ მოსკოვში, პირველი პრემია XIV საერთაშორისო საბავშვო მუსიკალურ კონკურსზე “Rotary”, პირველი პრემია ლეოპოლდ აუერის სახელობის მევიოლინეებისა და სიმებიანი კვარტეტების IV საერთაშორისო კონკურსზე სანკტ-პეტერბურგში, გრანპრი პოსტაკინის საერთაშორისო კონკურსზე იტალიაში.

ორი ვუნდერკინდი მუსიკოსის კონცერტი 7 ოქტომბერს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 19 საათზე დაიწყება.