Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რატომ არ თარგმნიან კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენას”?

17 ოქტომბერი, 2018

რატომ არ თარგმნიან კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენას"?კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა” ქართული ლიტერატურის გვირგვინია.

მწერლის შვილიშვილი კონსტანტინე გამსახურდია გაკვირვებულია, რატომ არ თარგმნიან კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენას”:

“ფრანკფურტის წიგნის “ბაზრობის” თემაზე – სხვათა შორის, გერმანულად “მესსე” ჰქვია, ბევრად რბილი და დელიკატური სახელი ვიდრე “ბაზრობა”, და უმჯობესად მიმაჩნია ვთქვათ “ფრანკფურტის წიგნების გამოფენა-გაყიდვა”.

ერთი შეხედვით შეთქმულების თეორეტიკოსივით გამოვდივარ, რომელიც მუდმივად შავად, ნეგატივში ხედავს სიტუაციას და ჩასაფრებული ავისმჩხრეკელივით კითხულობს ბაბუამისზე:

“კი მაგრამ, კონსტანტინე გამსახურდია სად არის?”

როგორც აღმოჩნდა არის, დევს “დიდოსტატის” გამოცემა ფრანკფურტში, სადღაც წიგნებში, რომელიღაც დახლზე. თუმცა არ თარგმნილა. შესაძლოა ეს ამბავიც ისევ მე და ცოტნეს დაგვაბრალონ, მაგრამ სიტუაცია სულ სხვაა:

შემოთავაზება იყო. თუმცა იმ მთარგმნელობითმა ფირმამ, ვისაც “დიდოსტატი” ფრანკფურტისთვის უნდა მოემზადებინა, საერთოდ არ დატოვა სოლიდური შთაბეჭდილება – მით უმეტეს, რომ 1968 წლის GDR-ს დროინდელ გერტრუდ პეჩისეულ თარგმანს სერიოზული კორექტივა ესაჭიროებოდა. ამ ფირმას კი 25 000 ევროს ბრუნვაც არ აღმოაჩნდა წლიური, რომ GMBH-დ (შპს-დ) დარეგისტრირებულიყო. თანაც 5-წლიანი კაბალური პირობა მოითხოვა, გამოცემაზე ყველა უფლებასთან ერთად. ამიტომაც არ ჩავთვალეთ საჭირო ასეთ ფირმასთან თანამშრომლობა.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ძალიან ცოტაა გაკეთებული იმისთვის, რომ ევროპულ ენებზე ითარგმნოს ჩვენი კლასიკური მწერლობა. დღემდე რაც არის გაკეთებული, ის მაინც სპორადულია. თანამედროვე ქართველი მწერლების სხვადასხვა წიგნები კი 8, 9, 12-ის ოდენობითაა თარგმნილი და ა.შ. ეს აშკარა დისბალანსია.

სადაა კლასიკური ქართული მწერლობის კორპუსი გერმანულ ენაზე, როგორც პროზის, ისე პოეზიის? ან სხვა ენებზე? არ არის. თუმცა კონსტანტინე გამსახურდიას გარდა ყველას თითო ნაწარმოები მაინც ითარგმნა.
სხვათა შორის, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული VAAP-ს ანუ საბჭოთა ცენზურის საავტორო უფლებების ასოციაციას, რეალურად KGB-ს ფილიალს ჰქონდა თავისი არაოფიციალური ნუსხა ავტორებისა და წიგნებისა, რომელიც არ უნდა თარგმნილიყო არც ერთ ევროპულ ენაზე. ცხადია, კონსტანტინე გამსახურდია პირველი იქნებოდა ამ სიაში. აი, ეს მართლაც სატანური ნუსხა და მისი განგრძობადი შედეგი უნდა დაირღვეს ერთხელ და სამუდამოდ.

არადა სწორედ გერმანელებს როგორ დააინტერესებდათ “დიონისოს ღიმილი”, “მთვარის მოტაცება”, ასევე მწერლის ბერლინული ნოველების ციკლი. რატომ არავინ არ აწარმოა მოლაპარაკება თუნდაც ქრისტიანე ლიხტენფელდთან, ვინც გერმანულად თარგმნა ჯავახიშვილი, ჭილაძე და “დათა თუთაშხია”?

ამიტომაც, გალაკტიონის ფრთიანი ფრაზისა არ იყოს, “კარჩაკეტილი ცხოვრებიდან გავიდეთ მზეზე” და დავასრულოთ საბჭოთა KGB-ს ინერცია.”