22 ოქტომბერი, 2018

პირველი პრემია და საპატიო მედალი იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას”

პირველი პრემია და საპატიო მედალი იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას"იაკობ გოგებაშვილის “დედა ენამ” საქართველოში თაობები აღზარდა. დღეს სამწუხაროდ, სკოლებში ყველაფერს ასწავლიან, იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” გარდა.

ქეთი ვადაჭკორია სკოლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” დაბრუნებას ითხოვს:

“იაკობის „დედა ენის“ მიხედვით შედგენილმა სახელმძღვანელომ პირველი პრემია და საპატიო მედალი დაიმსახურა 1960 წელს ვენესუელის ქალაქ კარაკასში გამართულ მსოფლიო ენების საანბანე სახელმძღვანელოების საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე!

„დიდი სიხარულით მივეცით პირველი ადგილი სიტყვას „ია“ თავი სურათით. რადა? იმიტომ, რომ ანბანის სწავლის დაწყებისათვის მეტად მოხერხებული სიტყვაა და ბევრი ღირსება აქვს. პირველი ღირსება ის გახლავთ, რომ ეს სიტყვა შედგება ორის ხმოვნის ასოსაგან, რომელიც გამოსათქმელად ადვილნი არიან, დასაწერად არა ძნელნი და შემდეგი გაკვეთილებისათვისაც ფრიად საჭირონი, რადგანაც ამ ასოების შემწეობით ადვილად სდგება სიტყვები და ფრაზები და უამათოდ კი მათი შედგენა შეუძლებელი იქნებოდა, მეორე ღირსება ის არის, რომ მარტო ამ ორის ასოების შემწეობით ადვილად სდგება ორი სიტყვა და მათგან ფრაზა.

ამის გამო ბავშვი პირველსავე გაკვეთილიდან სწავლობს არა მარტო ორ ხმასა და ასოსა, არამედ მაშინვე ჰკითხულობს სიტყვებს და ფრაზას, ამ ასოებისგან შემდგარს. ამის გამო ეს უძვირფასესი რამ არის ანბანის დაწყებისათვის. ბევრი ენა მოკლებულია ამ გვარს მოხერხებულ სიტყვას, – ამბობდა იაკობ გოგებაშვილი.

„დედა ენის“ წარმატება და პოპულარიზაცია განაპირობა წიგნში ჩადებულმა მაღალმა დიდაქტიკურ-მეთოდიკურმა პრინციპებმა, რომელიც გამსჭვალულია ხალხურობის სულისკვეთებით.

“დედა ენაში” ჩადებულია ფსიქოლოგიური საფუძველი, რომელიც მოგვიანებით, დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიაში“ ჩამოყალიბდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. იაკობი ბავშვებში შეუცნობელის შეცნობის წყურვილს აღვივებდა და ქართული ანბანის შესასწავლად განაწყობდა.”