4 ოქტომბერი, 2018

ფირომანის ნამუშევრები ვენაში

ფირომანის ნამუშევრები ვენაშივენაში ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრები გამოიფინება.

26 ოქტომბრიდან ვენაში მყოფ ნებისმიერ მსურველს შეეძლება ნიკალას ნახატები დაათვალიეროს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. ასევე 1972 წელს პარიზში ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“. ამ წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. პროექტის ფარგლებში პირველად გამოიფინება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა, რომელიც ქართველი მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.

გამოფენის მთავარი მიზანი ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.

ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა მომავალი წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.