24 ოქტომბერი, 2018

მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის დაუვიწყარი შეხვედრა 

მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის დაუვიწყარი შეხვედრა – მე მას პირველად ვხედავდი…და ვხედავდი მხოლოდ მას!…- კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი მსახიობ ვერიკო ანჯაფარიძესთან შეხვედრას ყოველთვის დიდი სიამოვნებით იხსენებდა:

“მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა… არაჩვეულებრივად მაღალი ყელი. ვერ გაიგებდი თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა, ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა რომ განსაკუთრებული ყურდღებით მე შემომხედა.

მე მას პირველად ვხედავდი…და ვხედავდი მხოლოდ მას!…ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა!.. ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს.

ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობ ქალს სთხოვა რაიმე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა, სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც. “ვთხოვ იქნებ დამიჯეროს”, გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც ძალიან გეხვეწებით მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო… რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი…

საოცარი მუსიკალური ხმა გაისმა. ეს იყო ძლიერი ექსპრესიით, იდუმალებით წაკითხული ლექსი. ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, მეჩვენებოდა რომ ეს ყველაფერი ჩემთვის იყო!.. ვატყუებდი ჩემს თავს. რატომ? რატომ? რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა ხალიჩაზე. ვეღარაფერს ვგრძნობდი… მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე.”