Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლაშა ბუღაძე: “ვიტყუებით”, რომ რუსთაველის ქვეყანა ვართ”

21 ოქტომბერი, 2018

ლაშა ბუღაძე: "ვიტყუებით", რომ რუსთაველის ქვეყანა ვართ"– ეტყობა, ჩვენი, ქართული ბედი ყოფილა კონტრასტებით ცხოვრება – როცა გეამაყება, ქართველი რომ ხარ და თან თავის გამოყოფა არ გინდა სირცხვილისგან, – აცხადებს მწერალი ლაშა ბუღაძე:

“ეს გოეთეს სამუშაო ოთახია ვაიმარში. მარცხნივ მისი ცნობილი დაფა-კათედრაა, სადაც ის ფეხზე მდგომი ასრულებდა “ფაუსტის” მეორე ნაწილს (რადგან თითქმის არასდროს ჯდებოდა წერის დროს), შუაში მაგიდა, სადაც, სავარაუდოდ, ერთგულ ეკერმანს ესაუბრებოდა წლიდან წლამდე და სადაც (ასევე, სავარაუდოდ) მასთან ერთადვე მსჯელობდა ლიტერატურის უნივერსალურობის პრინციპის შესახებ (ზენაციონალური ლიტერატურის პრინციპის, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უგულვებელყოფს ნაციონალურს, მაგრამ არც ლოკალურ-ნაციონალურ ჩარჩოებშია გამოკეტილი).

აქაურ მცენარეებს ფანჯრებიდან ეფინება მზის შუქი, რაც ასევე არ არის შემთხვევითი, რადგან გოეთე სწორედ “მცენარეზე და მზის სხივებზე” დაკვირვებით ქმნიდა თავის ცნობილ, თეორეტიკოსებისგან მრავალგზის გაკრიტიკებულ, მაგრამ მხატვრების მიერ აღიარებულ “ფერთა თეორიას”, რაზეც დელიკატურად და საქმის ცოდნით მიგვანიშნებენ სახლ-მუზეუმის ავტორ-შემქმნელები.

ფრანკფურტის ბაზრობის ღიაობის კონცეფციის რეალობად ქცევა სრულიად შეუძლებელი იქნებოდა გოეთეს ლიტერატურის უნივერსალურობის იდეისა და შემეცნების, ახლის აღმოჩენის, გარკვევის და მიმღებლობის მისეული უნარისა თუ პოზიციის გარეშე, რაც ასე ბეჯითად შეითვისეს მისივე თანამემამულეებმა.

ის, რომ სამყარო სხვადასხვანაირია და ჩვენ კი ერთმანეთის თუ სამყაროს შემეცნების მუდმივ პროცესში ვართ ჩართული, ეს ფრანკფურტის ხუთასწლიანი ბაზრობის ფილოსოფიაც არის და სათავეს სწორედ გოეთეს მრწამსიდან იღებს.

შესაბამისად, ფრანკფურტში საქართველოს ასე ტრიუმფით წარდგენისათვის – ქართველ და გერმანელ ორგანიზატორებთან, ჟურნალისტებთან და, ცხადია, მწერლებთან ერთად – ჩვენგან იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესაც ეკუთვნის მადლობა.

თომას მანის თქმის არ იყოს, წიგნიერ გერმანულ ქალაქებში ჯერაც იგრძნობა გოეთესა და შილერის სუნთქვა და ეს, ალბათ, მეტაფიზიკური შეგრძნებების გარდა, მოქალაქეების მხრიდან ეკოლოგიის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით და პრეტენზიულობით უნდა აიხსნას (აქ ისე სუნთქავ, რომ მართლა უკვდავთა თანაარსებობას გრძნობ), მაგრამ ამ ბედნიერი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს ისიც გახსენდება, რა შორს არის აქედან შენი ქვეყნის დედაქალაქი თუნდაც მხოლოდ ამ მახასიათებლით (ქვეყანაზე რომ არაფერი ვთქვა, რომელიც მხოლოდ თავისი ლიტერატურით და კულტურით თუ ჰგავს “აქ წარმოდგენილ” თავისუფალ და თავისივე კულტურის მსგავს კულტურულ საქართველოს)!

ეტყობა, ჩვენი, ქართული ბედი ყოფილა კონტრასტებით ცხოვრება – როცა გეამაყება, ქართველი რომ ხარ და თან თავის გამოყოფა არ გინდა სირცხვილისგან, როცა ძალაუფლებაზე და გავლენებზე ჩაბღაუჭებული და ძალაუფლებისავე ნარკოტიკისგან დეგრადირებული, მუდმივ-გადაუგვარებელი ბნელების ქვეყანაში გიწევს ცხოვრება! და, ამ დროს, აქ მთელი ერთი თვეა იმას “ვიტყუებით”, რომ რუსთაველის ქვეყანა ვართ…”

ლაშა ბუღაძე: "ვიტყუებით", რომ რუსთაველის ქვეყანა ვართ"