Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ირაკლი ნოზაძის ბრალდებები “რუსთავი 2”-ს

27 ოქტომბერი, 2018

ირაკლი ნოზაძე: "ასე ვერ გადავრჩებით, ხალხნო!"ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” ერთ-ერთი წევრი ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ბრალდებებს უყენებს.

მომღერალი აცხადებს, რომ მან მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანიის ერთ-ერთ გადაცემაში “ფარული კონვერტი”, სადაც მან 5.900 ლარი მოიგო.

პიკასოს თქმით, იგი ნიკა გვარამიამ კარგად დაიმახსოვრა, რადგან არც გადაცემა გასულა ეთერში და არც მოგებული თანხა მიუციათ.

ირაკლი ნოზაძე, მომღერალი:

“როგორც ჩანს, ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა!

კიდევ ერთი ამბავი სად არის სიმართლე, ევროპა, დემოკრატია…

ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-ის პროექტ “ფარულ კონვერტში” 5 900 ლარი მოვიგე. გადაცემა რამდენიმე დღეში ეთერში უნდა გასულიყო. როცა დავინტერესდი და დავრეკე, მითხრეს, მომავალ ორშაბათს გავაო. მერე არჩევნებია და ეთერში არ გადისო.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩენისთანავე დამიკავშირდა გადაცემის ერთ-ერთი პროდუსერი (ეკა) და მითხრა – ფული სალომემ გადაგიხადოსო!

ამას ვამბობდი, სწორედ ეს არის სწორი საქციელი, ევროპაც და მათი თვალით დანახული დემოკრატიაც.
მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობ ამ გადაცემის პროდიუსერებთან და ვაფასებ მათ ნიჭიერებას და მეგობრობას, მაინც ძალიან მეწყინა.

ბევრი ფული ნამდვილად არ მაქვს, თუმცა რახან ასეა, მირჩევნია ეს 5 900 ლარი რუსთავი 2-ელებმა გაინაწილონ!”

ირაკლი ნოზაძის ბრალდებებს გადაცემა “ფარული კონვერტის” მთავარი პროდიუსერი ალეკო მალხაზიშვილი გამოეხმაურა:

“სამწუხაროა, რომ პოსტით მიწევს პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ზოგადად არ მიყვარს ახლობლებთან ეპისტოლარული ჟანრით საუბარი, მაგრამ რახან შენ ეს გზა აირჩიე, მეც აქ მოგწერ როგორც “ფარული კონვერტის” მთავარი პროდიუსერი…

წინასაარჩევნოდ გადაცემა “ფარული კონვერტი” შეჩერდა იმის გამო, რომ საეთერო დრო დაიკავა “არჩევანმა” და ნოემბრიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება სარეკლამო ბადე. მარტო შენი ჩანაწერი არ შეჩერებულა, თან გაცილებით ადრე ვიდრე სარეკლამო ტიხარში გიხილავდით. შენს გარდა დათო ევგენიძე, ასმათ ტყაბლაძე და ეკა ჩხეიძეც ჩაწერილია და ელოდებიან ეთერს, რომელიც განახლდება ნოემბერში.

პროდუსერ ეკასაც შენთან არ დაურეკავს და ცოტა არ იყოს უცნაურია ეს შენი პოსტი, მაგრამ უცნაურობა ეგრევე გაქრება იმ ფაქტით, თუ აღიარებ, რომ სალომემ უკვე გადაგიხადა ფული, ეს რომ დაგეწერა. რავი, ირაკლი, ჩემი ნომერი კი იცი და შეგეძლო ჩემთან დაგერეკა და გაგერკვია, სანამ ამ დეზინფორმაციას გაავრცელებდი.”