23 ოქტომბერი, 2018

გრაკლიანი გორის სიტუაცია ძალიან წააგავს საყდრისისას

გრაკლიანი გორის სიტუაცია ძალიან წააგავს საყდრისისასაცხადებს ფოტოხელოვანი კუკური მეტრეველი და გრაკლიანი გორასთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას ავრცელებს:

“გრაკლიანი გორა – არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, უშუალოდ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან.

არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს მრავალფენოვან ნამოსახლარს და სამაროვანს. აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე, როდესაც გრაკლიან გორაზე ადამიანის აქტივობა უნდა დასრულებულიყო.

2015 წელს გრაკლიანი გორას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2015 წელს გორაზე ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთეხევლი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა. დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2 700 წლის ისტორიას ცხადყოფს.”

ქართული ვიკიპედიიდან ამოწერილ ამ ტექსტს ვერაფერს დავამატებ.

რამოდენიმე კვირის წინ, როგორც იქნა, მოვინახულე ეს მართლაც უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი. სამწუხაროდ, წარწერები ჩვენს მისვლამდე რამოდენიმე წუთით ადრე დროებით ქვიშით ამოევსოთ და ვერ ვნახეთ, მაგრამ რაც ვნახეთ, მართლაც შთამბეჭდავი და არაჩვეულებრივია!

ვიცი, ბევრი ჩვენი მეცნიერი სკეპტიკურად უყურებს გრაკლიანი გორაზე აღმოჩენილი უძველესი დამწერლობის ნიმუშის თემას. აქაური სიტუაცია ძალიან წააგავს საყდრისისას. იქაც და აქაც სოლიდური უცხოური ლაბორატორიები, ინსტიტუტები და პროფესორები აღიარებდნენ და აქაც აღიარებენ (ჩვენი მისვლისას იქ მყოფმა სპეციალურად მოწვეულმა იტალიელმა პროფესორმა, რომლის გვარი ვერ დავიმახსოვრე და რომელიც ბატონ ლიჩელს თუ დავუჯერებთ, ამ სფეროში მსოფლიო მეტრია, ჩემს ერთსიტყვიან შეკითხვაზე ძეგლის თაობაზე ხელებგაშლილმა მიპასუხა – “ფანტასტიკაო!”) ამ აღმოჩენის უნიკალურობას და ნამდვილობას, მაგრამ ზოგჯერ ერთმანეთის ჯიბრით და სხვადასხვა ინტერესების გამო, ჩვენ თვითონ ვაკნინებთ ჩვენივე ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობას!…

საბედნიეროდ, გრაკლიანის ძეგლის დაკონსერვება და ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს და საყდრისის ბედს არ გაიზიარებს, მთავარი ესაა! მტყუან-მართალი მერე გაირკვევა.”