18 ოქტომბერი, 2018

“დაარსდეს ქართული კულტურის ცენტრი – ,,საქართველო – რუსთაველის სახლი”

"დაარსდეს ქართული კულტურის ცენტრი - ,,საქართველო - რუსთაველის სახლი"ამ ინიციატივით საქართველოს რუსთაველის საზოგადოება და მისი ხელმძღვანელი დავით შემოქმედელი გამოდის.

საზოგადოების ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საგანგებო წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გაუგზავნა:

“დაარსდეს ქართული კულტურის ცენტრი სახელწოდებით ,,საქართველო – რუსთაველის სახლი”!

შოთა რუსთაველი არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო მხატვრულ-ესთეტიკური და ფილოსოფიური აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალია. ვაჟა-ფშაველას შეფასებისამებრ: „შოთა რუსთაველი იგივე საქართველოა და საქართველო – იგივე „ვეფხისტყაოსანი“. საერთაშორისო მეცნიერებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ ეს ზღვარდაუდები გენიოსი თავისი ჰუმანისტური იდეებით თითქმის საუკუნე-ნახევრით უსწრებს ევროპულ რენესანსს. ყველა დიდი კულტურის მქონე ერი პატივს მიაგებს თავის უპირველეს გენიოსს. ამდენად, შეუწყნარებელია, რომ დღემდე საქართველოში არ არსებობს რუსთაველისა და მისი ეპოქის ამსახველი – მაილუსტრირებელი სივრცე.

სწორედ რუსთაველის სახელი უნდა იყოს საქართველოს სავიზიტო ბარათი დანარჩენ მსოფლიოსთან. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ჩამოყალიბდეს კულტურის ცენტრი სახელწოდებით ,,საქართველო – რუსთაველის სახლი“, სადაც წარმოდგენილი იქნება რუსთაველის, მისი თანადროული ეპოქის, ასევე, ქართული კულტურისა და ცივილიზაციის მთელი ისტორიის ამსახველი უმნიშვნელოვანესი მასალები.

,,საქართველო – რუსთაველის სახლი’’ იქნება ის უპირველესი სავიზიტო ბარათი, რითაც ჩვენ, როგორც ერთ-ერთი უძველესი, დიდი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყანა, წარვდგებით დანარჩენი სამყაროს წინაშე.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება უკვე მრავალი წელია ამკვიდრებს აზრს, რომ აუცილებელია საქართველოში შეიქმნას რუსთაველის ეპოქისა და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი მიღწევების ამსახველი კულტურის ცენტრი, ისევე როგორც ,,პომპიდუს ცენტრი” პარიზში, ,,იაპონიის სახლი“ ოსაკაში და სხვა… სადაც ხაზგასმულად მიწოდებულია, თუ რა წვლილი შეიტანეს ამ ქვეყნებმა მსოფლიოს სულიერი და ნივთიერი კულტურის განვითარებაში და რა მიიღეს დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსაგან. ვფიქრობთ, დღეს რეალური ხდება ამგვარი იდეის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოში.

როგორც ცნობილია, ამჟამინდელი „პრეზიდენტის სასახლე“ ავლაბარში, რომლის არქიტექტორიც აკადემიკოსი გიგა ბათიაშვილია, თავიდანვე განსაზღვრული იყო, როგორც ,,საქართველო – რუსთაველის სახლი“ სწორედ იმ ფუნქციითა და მიზნებით, რაზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. იმდროინდელმა პოლიტიკურმა კონიუნქტურამ საფუძველშივე მოსპო ეს შესაძლებლობა. შემდგომი რამდენიმე წელი კი საქართველოს ახალი პრეზიდენტის მოულოდნელ ამბიციას შეეწირა. ყველას ახსოვს, რომ იმ ეტაპზევე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ათონელის ქუჩაზე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციისათვის სპეციალურად მოეწყო ორბელიანების ისტორიული შენობა. ასევე ცნობილია ხელისუფლების ნება, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ამიერიდან ამ ახალ რეზიდენციას დაიკავებს.

სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი საზოგადოების წინაშე აყენებს წინადადებას, რომ ავლაბარში, საქართველოს პრეზიდენტის ამჟამად არსებული რეზიდენციის შენობაში, განთავსდეს ,,საქართველო – რუსთაველის სახლი’’, სადაც წარმოჩენილი იქნება საქართველოს ცივილიზაციისა და კულტურის, ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, საქართველოს ბუნება, ლანდშაფტი, განსაკუთრებულობა.

ეს იქნება უდიდესი ისტორიული აქტი – მიღებული საკაცობრიო მნიშვნელობის ქართული კულტურის შესაფერისად მოვლისა და წარმოჩენისათვის.”