3 სექტემბერი, 2018

ვინ მიიღებს ილია ჭავჭავაძის ეროვნულ პრემიას?

ვინ მიიღებს ილია ჭავჭავაძის ეროვნულ პრემიას?წელს უკვე მეხუთედ, 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს განხორციელდება პროექტი „… დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“. მოეწყობა მსვლელობა სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე და საზოგადოება ფეხით გაივლის იმ გზას, რა გზითაც ილიას ცხედარი უკანასკნელ გზაზე გააცილა ქართველობამ 111 წლის წინ.

პროექტის ფარგლებში არაერთი სიახლეა დაგეგმილი. არაერთი თანამედროვე ქართველი პოეტი წარსდგება აუდიტორიის წინაშე და წაიკითხავენ ილიას შესახებ შექმნილ ლექსებს.

და მთავარი სიახლე – წელს პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიცემა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური პრემია „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“, რომელიც გასულ წელს ილია ჭავჭავაძის 180-ე საიუბილეო წელს დაარსდა და პირველად ამ პრემიით დაჯილდოვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

პრემიის ლაურეატს ასახელებს ფონდის მიერ შექმნილი „პრემიის მინიჭების განმხილველი სარეკომენდაციო საბჭო“, რომელიც 9 კაცისაგან შედგება. საბჭოს წლევანდელ შემადგენლობაში შედიან პოეტი ლია სტურუა, პოეტი და მწერალი ბაღათერ არაბული, დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწე კონსტანტინე გამსახურდია, ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე, კრიტიკოსი და ლიტერატორი ივანე ამირხანაშვილი, ტელეწამყვანი და მედია-პროდიუსერი ნინო ზაუტაშვილი, პოეტი და დრამატურგი ნინო სადღობელაშვილი, ფილოსოფიის დოქტორი დეკანოზი გიორგი წეროძე და რეჟისორი გიორგი სავანელი.

პრემიის წესდების მიხედვით, საბჭოს შეკრება გაიმართა ა.წ. 16 ივლისს და წლევანდელი ლაურეატი გამოვლენილია. მისი ვინაობა 12 სექტემბერს გახდება ცნობილი და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია. პრემიის ლაურეატს გადაეცემა ილია ჭავჭავაძის სკულპტურა, რომელიც ექსკლუზიურად პრემიის ჯილდოსათვის არის შექმნილი. მისი ავტორი მოქანდაკე გია ჯაფარიძეა. სკულპტურასთან ერთად რჩეული მიიღებს ოფიციალურ დამადასტურებელ დოკუმენტ-დიპლომს.

პრემიის დაარსების მიზანია საზოგადოებრივი ინიციატივების პრიორიტეტულობის და მათდამი ინტერესის ზრდა, სტიმულირება; საზოგადოების გამორჩეული ღვაწლის მქონე წარმოამდგენელთა-ორგანიზაციათა პოპულარიზაცია, წახალისება და სტიმულის მინიჭება; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან ეროვნული, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მოტივაციის ამაღლება; ილია ჭავჭავაძის ფიგურის აქცენტირება დღევანდელ-თანამედროვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი პროექტი მრავალი საინტერესო აქტივობით იქნება დატვირთული. ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველა ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი და ფასეულია ილიას სახელი, მისი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირებულებები, 12 სექტემბერს შეუერთდდნენ ღონისძიებებს, რომლებიც 13 საათზე, სიმბოლურად სიონის ტაძრის ეზოდან დაიწყება, მთაწმინდის პანთეონში გაგრძელდება დ ილიას მემორიალურ მუზეუმში დასრულდება.