16 სექტემბერი, 2018

“წინიყურე” – მოთხრობა, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ

"წინიყურე" - მოთხრობა, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათპოეტი ვასილ ბესელია თავისი ლექსებით პოეზიის მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი.
თუცმა “არტინფო” ამჯერად არა მის ლექსებს, არამედ ერთ-ერთ ნოველას წარმოგიდგენთ. “წინიყურე” – ასე ეწოდება ნაწარმოებს, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ:

“მეხუთე კლასში გადმოიყვანეს ჩვენთან.
გიგუშა ერქვა.
მანამდე ქალაქში სწავლობდა, სკოლა-ინტერნატში.
მშობლები არ ჰყავდა. მამიდა ზრდიდა.
მამიდამისი ჩვენი კლასის დამრიგებელი იყო.
პირველ სექტემბერს ჩემ გვერდით დასვა,
ეგებ ამისგან მაინც ისწავლო რამეო,
მკვახედ მიაძახა და გავიდა.
მეხუთეში გოლიათები არც ერთი არ ვყოფილვართ,
მაგრამ ის ჩემზე ბევრად ტანმორჩილი იყო.
ორი დღე ჩუმად იჯდა, ხმა არ ამოუღია.
მესამე დღეს, მეორე გაკვეთილზე, ჩურჩულით მითხრა:
დიდი კომში მაქვს და დასვენებაზე ორჯერ გაკბეჩინებო…
ხილი იყო ჩვენი სადილი.
სკოლაში არც ბუფეტი გვქონდა და არც ფული.
ასე, ხან კომში, ხან კარალიოკი, ხან ზამთრის ვაშლი
დაგვქონდა ჩანთით და ვუწილადებდით ერთმანეთს:
– ა, ერთი უკბიჩე, თუ გინდა!
– ერთი მაკბეჩიე, რა, გეხვეწები!
ახლაც ყურში ჩამესმის ნახევარი საუკუნის წინანდელი ხმები.
უფროსკლასელები არ კადრულობდნენ ხილის წამოღებას –
ჩვენ წაგვართმევდნენ ხოლმე სასოებით წამოღებულ „სადილს.“
მომცა გიგუშამ უშველებელი კომში.
– ა, ორჯერ მოკბიჩეო!
ვატრიალებ ხელში კომშს, ვურჩევ ამობურცულ ადგილს –
დიდზე რომ მოვკბიჩო,
ვატრიალებ,
ვატრიალებ და მეცა მეცხრეკლასელი ახმახი და ამაცალა ფუკასავით!
გამევსო ცრემლებით თვალები…
უფრო შემრცხვა, ვიდრე კომში შემენანა და ამ დროს
– რასაა რომ შობიო!
ისკუპა გიგუშამ და ეს ოთხი კლასით უფროსი „ყაჩაღი“
ერთი დარტყმით გაშხვართა ნაწვიმარ მოლზე!
მაშინ მივხვდი, რომ ეს ერთიციცქნა ბიჭი
დიდი გულისა და ძალის პატრონი იყო!
ანანო უყვარდა.
ანანო ჩვენს უკან იჯდა და გიგუშა მუდამ უკან იხედებოდა.
ანანოს უყურებდა. ხმას არ იღებდა.
– წინ იყურე!
არ აცლიდნენ მასწავლებლები.
მთელი ხუთი წელი იხედებოდა უკან
და მთელი ხუთი წელი „წინ იყურეს“ გაჰკიოდნენ მასწავლებლები…
დაერქვა გიგუშას „წინიყურე“…
მთელი სკოლა, მასწავლებლებიანად, „წინიყურეს“ ეძახდა…
თითქმის დავბერდი და არსად შემხვედრია გიგუშა.
არ ვიყავი აქ და სად ვნახავდი.
არც ანანო მინახავს, ვიცოდი, რომ გათხოვდა –
სულ ეს იყო.
სახინკლეში დამპატიჟეს იმ დღეს.
დილა იყო და კაციშვილი არ ჭაჭანებდა.
პატარა, მყუდრო, მოვლილი დარბაზი დამხვდა.
სულ ათმაგიდიანი.
ერთზე ყვავილებიანი ბროლის ლარნაკი იდგა,
დანარჩენ ცხრაზე – სამარილის, მდოგვისა და შავი წიწაკის სამეულები.
ყვავილებიან მაგიდისკენ გამიწია გულმა.
– ააა, მანდ არ დაჯდეთ, ეგ მაგიდა არ მუშაობსო,
გამომძახა მებუფეტე ქალმა…
თითქოს ხმაც მეცნო და ქალიც!
…და უცებ კისერზე ჩამომეკიდა ანანო!
ღმერთო, რა გამიხარდა!
– წინიყურეს ამბავი იცი?
მეკითხება ანანო მოულოდნელად. თვითონ დაიწყო,
თორემ მე ვერ გავბედავდი.
ანანოს ოთახში შევყავარ,
ვატყობ, ცრემლებს იკავებს და მიყვება:
– რომ გავთხოვდი, სადღაც გადაიკარგა
და ბოლო ხუთი წელია, რაც გამოჩნდაო…
პირველად რომ მოვიდა, ვარდებით სავსე ლარნაკი მოიტანა
და იმ მაგიდაზე დადგა,
მერე იმ მაგიდასთან სხვა არავინ მჯდარაო!
იქაც ზურგშექცევით იჯდა , არაყს გვიანობამდე სვამდა
და უკან იხედებოდა,
მხოლოდ მიყურებდა, ხმას არ იღებდა, არასოდეს დამლაპარაკებიაო!
ჯორჯიკიას საწყობში მტვირთავად მუშაობდა მთელი ხუთი წელი,
ორ-ორი ტომარა პურის ფქვილი თურმე
ერთ გზობად გადაჰქონდა, საქმე რომ დროზე მოელია და აქ მოსულიყოო!
– ერთი თვის წინ
ვაგონზე მიყუდებულ ფიცარნაგზე გაჩერებია გული!
ტიროდა ანანო….
იმ ლარნაკში ყვავილებს მე ვცვლიო…
გული ამოუჯდა…
არავინ ჰყავდაო…
მეზობლებმა დამარხესო…
-საფლავი მე გავუკეთე და გულზე ქვაც მე დავადეო…
ხომ ხარ მწერალი, მითხარი, რა უნდა მექნა,
დავაშავე რამეო?..
ხმა არ ამომიღია.
მივატოვე ყველაფერი და მოჟამული გამოვედი.
ერთი სული მქონდა, საფლავი მენახა!
ქვაზე წარწერამ საბოლოოდ გამანადგურა:
„სიყვარულით წინიყურეს – ვისაც უკან მოხედვის არ ეშინოდა!
ანანო.“