Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

28 სექტემბერი, 2018

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იწყება3 ოქტომბრიდან თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დაიწყება.

10 დღის განმავლობაში მსმენელის წინაშე წარდგებიან სხვადასხვა თაობის ბრწყინვალე მუსიკოსები: ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსი ელისო ვირსალაძე, ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი, მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი ბორის ბერეზოვსკი, ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია, 2017 წლის არტურ რუბინშტეინის პიანისტთა კონკურსის II პრემიის ლაურეატი და მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი დანიელ ჩობანუ, ვუნდერკინდად აღიარებული 14 წლის მევიოლინე მატვეი ბლუმინი და ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები – ახალგაზრდა თაობის გამორჩეული წარმომადგენლები ალექსანდრ რამი და ბრუნო ფილიპი. ასევე საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრი არიელ ცუკერმანის დირიჟორობით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, რომელიც თავისი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონცერტს გამართავს.

ფესტივალი თელავში 13 ოქტომბრამდე გასტანს. დაგეგმილი 10 კონცერტიდან 6 თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება, ერთი – ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, ერთი კი წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. მუზეუმის ტერიტორიაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა კიდევ ორი კონცერტი დაგეგმეს.

ფესტივალის ფარგლებში, „ალტერ ორკესტრის“ მონაწილეობითა და მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით, დაგეგმილია კონცერტი წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა კონცერტს კი თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი უმასპინძლებს. ამ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის წინანდლის პარკის ტერიტორიაზე ლექცია-კონცერტს ჩაატარებს სიმებიანი კვარტეტი „იბერი“.

წელს ფესტივალზე საგანმანათლებლო კომპონენტი მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი. კონცერტების პარალელურად, როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ მუსიკოსები: ელისო ვირსალაძე, ხათუნა კოკოჩაშვილი (ფორტეპიანო), დენიზ ტაჰბერერი (ვიოლინო); პირველად ფესტივალზე მასტერკლასებს ვოკალის სპეციალობაში სებასტიან შვარცი (ვოკალი) ჩაატარებს, ხოლო მასტერკლასს დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის – დავით ჯაფარიძე. ღია გაკვეთილები გაიმართება თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში და მათზე დასწრება თავისუფალია.

ელისო ვირსალაძის მიერ XX საუკუნის 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსებს მასპინძლობს.

მხარდამჭერები: წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ქალაქ თელავის მერია, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, სასტუმრო „ალაზნის ველი“.

საინფორმაციო მხარდაჭერა: რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „კულტურა +“, რადიო ერთი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, საინფორმაციო სააგენტო GHN, სარეკლამო კომპანია “ALMA – ალმა”, გაზეთი Georgia Today და ტელეკომპანია ARTAREA.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სალაროში და ონლაინ გვერდზე www.biletebi.ge; ; ბილეთები ასევე იყიდება თელავის თეატრის სალაროში. აღსანიშნავია, რომ კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით საორგანიზაციო ჯგუფმა განსაზღვრა ბილეთების ღირებულება 20-დან 35 ლარამდე. მსმენელის ინტერესის გათვალისწინებით ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა 3, 6, 10 და 13 ოქტომბრის კონცერტებზე დანიშნა ავტობუსი (თბილისი-თელავი-თბილისი). ავტობუსის ბილეთები იყიდება კონსერვატორიის სალაროში.