Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ტერენტი გრანელის უცნობი ჩანაწერები

14 სექტემბერი, 2018

ტერენტი გრანელის უცნობი ჩანაწერები“შენ სიღატაკეს არ იცნობ ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა…” – ასე ამბობდა ტერენტი გრანელი. მის ხსენებაზე ყველას ცხოვრებისგან გატანჯული პოეტი ახსენდება, რომელმაც სრულიად ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე, თუმცა ისეთი პოეზია დატოვა, რომ საკუთარი სახელის უკვდავყოფა ნამდვილად შეძლო.

“არტინფო” გთავაზობთ ტერენტი გრანელის უცნობ ჩანაწერს, რომელიც მის სულიერ სამყაროს კიდევ უფრო მძაფრად დაგანახებთ:

“მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოველი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია…
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფირნავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლაც ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგევარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან, ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.
და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე.
და არ ვიცი, როგორ ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე.
არა სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის…
გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.”