9 სექტემბერი, 2018

ტარიელ ხარხელაური: “წუხელ სიკვდილი მეწვა მუხლებზე”

ტარიელ ხარხელაური: "წუხელ სიკვდილი მეწვა მუხლებზე"პოეტი ტარიელ ხარხელაური და მისი ლექსები მკითხველს განსაკუთრებულად უყვარს. თავად პოეტს კი – მიტოვებული საფლავების სტუმრობა, სადაც საფლავების მუსიკას ისმენს:

“ძალიან ხშირად ვსტუმრობ მიტოვებულ, უკვე გაყამირებულ საფლავებს. მოვძებნი ცოტა შემაღლებულ ადგილს, სადაც შემიძლია ჩამოვჯდე და განვმარტოვდე ფიქრთან. ხშირად მგონია, ვზივარ უზარმაზარ დარბაზში მარტო, სრულიად მარტო და თავდავიწყებით ვუსმენ საფლავების მუსიკას – შექმნილს მხოლოდ ერთი მსმენელისათვის და, რომელსაც მხოლოდ მე შემიძლია მოვუსმინო, რადგან საოცრად ეხმიანება მდგომარეობას ჩემი სულისას…

ეს მუსიკა საფლავების მუსიკაა, უკიდურესობამდე მისტიური. ეს ის ხმაა, რომელიც დიდი ხანია ჩემში სახლობს და მხოლოდ აქ, სასაფლაოზე, ამ ხავსმოდებულ ლოდებს შეუძლიათ ამ ღვთაებრივი მუსიკის შესრულება. შეუძლიათ ჩემთვის დაუკრან ისე, რომ ხელი არ შეუშალონ სამაროვანთა მდუმარებას.

ამ დროს არაფერი არ მოძრაობს. ნიავიც კი ანელებს სუნთქვას, მდინარეები ანელებენ ბორგვას, სამყაროც სდუმს და გარინდებული – ჩემსავით უსმენს ამ ღვთაებრივ მელოდიებს.

ვისმენ მთვარისა და საფლავების კამერულ კონცერტს, შემაძრწუნებელ, მისტიურ მუსიკას.
***
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება,
მთვარე ეღვრება ციდან, იელებს
ვეღარც მზის მოსვლით ვერ შეივსება,
ეს შემზარავი, სიცარიელე.
კლდეებს ნაწყლულევთ, ნისლით ვუხვევდი,
ცაო, როგორ მღლი, შენი უფლობით,
წუხელ, სიკვდილი მეწვა მუხლებზე,
და მე და ქარი ვჭირისუფლობდით…”