Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“სადაც ვენახი დღესაც ხარობს, მარიხუანას კულტივირება მკრეხელობა იქნება”

19 სექტემბერი, 2018

ანტონ ბალანჩივაძეასე მიაჩნია მხატვარ ანტონ ბალანჩივაძეს და თავის მოსაზრებას სრულიად დასაბუთებული და დეტალური მსჯელობით ამყარებს:

“კანაფის კულტივაცია საქართველოში, ” ღვინის მზიურ, საკრალური კულტის ქვეყანაში – იქნება უახლოეს ისტორიაში ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე. ეს იქნება კავკასიაში არსებული, მიძინებული რეგრესული ძალების ასაბობოქრებლად გადადგმული ისეთი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება მოუშუშებელ იარად დააჩნდეს არამარტო საქართველოს.

ჩვენ დროს ადამიანის ვალია ნათელი, სუფთა ცნობიერებისკენ სწრაფვა! ეს მნიშნელოვანი ბრძოლის ველია განაკუთრებით აქ, კავკასიაში, სადაც ატავისტური აზროვნების ბუნდოვან ფორმებში მოქცევის ხიბლი და რისკი ისედაც ძალიან დიდია.

ქრისტიანული კულტის დამკვიდრებით და ღვინის არა მხოლოდ მათრობელი თვისებების, არამედ მისი ღვთაებრივი ხასიათის, ევქარისტიულ წმინდა საიდუმლოსთან დაკავშირებით და გააზრებით – საქართველოში სუფრის პირვანდელი სარიტუალო ფორმა დაინერგა, რაც მისი მავნებელი ტენდენციების აღმოფხვრას მაქსიმალურად უწყობდა ხელს. ახლა, ქრისტიანული საიდუმლოებების მნიშვნელობის დაკარგვასთან და ძლიერ მატერიალიზაციასთან ერთად – რეალური საშიშროება კვლავ დგება: ბრუნდება და ძლიერდება, შეუკავებელი ხდება ძველი დევი, (აღმოსავლურ ზღაპრებში კარგად ნაცნობი ვეზირი, სახელად “ჯაფარა”). ესაა ძველი ტიპის ცდუნება – აზროვნების დაბინდვისაკენ, ქვედაბუნების გაუცნობიერებელი, სტიქიური ძალებისაკენ სწრაფვა. მათი მაქსიმალურად გამოთავისუფლების სურვილი და ზნეობრივი ცხოვრების, პრინციპების, იდეალების ნგრევის დაკანონებისკენ ლტოლვა. ხატოვან ენაზე დევი იმ ადგილის დაპატრონებას ლამობს, საიდანაც მოდის ქვეყანაში ცნობიერების ანკარა წყარო.

ქართლი ათასწლეულების მანძილზე რჩებოდა ღვთაებრივი ძალების და კანონების ერთგული და სწორედ ამის გამო შექმნა და განავითარა უდიდესი კულტურა, რომელიც არა გარეგან ბრწყინვალებას, და მომხვეჭელობას (“ეკონომიკის განვითარებას”), – არამედ შინაგანი მზის აღმოცენებას ისახავდა მიზნად. სწორედ ასეთი ქრისტიანობის გარეგნული ფორმა იყო ქართული სატაძრო არქიტექტურა, სადაც ვაზის ფოთოლი იყო გამოსახული და ქართული სუფრა – მისი ღვინის საიდუმლოთი. საუკუნეებია აქაური ადამიანი ვაზს მზესთან აიგივებდა და მისი ცხოველმყოფელი ძალით საზრდოობდა. აქედან სრულიად გამორჩეული ფორმა მსოფლმხედველობისა და მეგობრობისა, ცხოვრების და რმწენის სტილის, ბუნების ძალებში არსებული უკიდეგანო საიდუმლოების კეთილშობილი სიყვარულისა…

სწორედ ასეთი, მაღალი ღვთაებრივი სამყაროს პრინციპების ერთგულებისთვის, მის სიწმინდეზე მტკიცედ დგომის გამო ამ ქვეყანას სხვადასხვა ხალხების აურაცხელი და უკიდეგანო რისხვა ატყდებოდა თავს, რომლებიც ვერ იგებდნენ მიზეზს ასეთი გაუტეხელი პრინციპულობისა. ქართველი ადამიანი კი არამარტო ეკონომიკურ სიდუხჭირეს უძლებდა, არამედ თავისი და თავისი შვილების სიცოცხლის ფასად ტოვებდა ამ ქვეყანას შინაგანად შეურყვნელს იმით, რომ ინახავდა გულში წმინდად და მტკიცედ ვაზის მზიურ ფოთოლს.

იქ, სადაც ეს ვენახი დღესაც ხარობს – მარიხუანას კულტივირება მკრეხელობა იქნება. გამოფხიზლება არის დღეს ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა და არა გონების დაბინდვა. საქართველოდან კი მსოფლიოში მაღალი აზრები უნდა გავიდეს და არა მარიხუანა.”