8 სექტემბერი, 2018

ქართული ანბანი გერმანული მედიის ფოკუსში

ქართული ანბანი გერმანული მედიის ფოკუსში4 ოქტომბერს ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ხელოვნების სასახლემ მოამზადა.

ექსპოზიცია უკვე მოექცა გერმანული მედიის ყურადღების ცენტრში. აი, რას წერს გერმანული ელექტრონული მედია მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენაზე:

“თბილისი ჩემს ფიქრებში. შრიფტის ძველი და ახალი ხელოვნება საქართველოდან. საქართველო ფრანკფურტის წლევანდელი წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანაა. “თბილისი ჩემს ფიქრებში” – გამოფენის ეს სახელწოდება, რომელიც მართალია შთაგონებულია ამერიკული ცნობილი სიმღერით “ჯორჯია ჩემს ფიქრებში”, ყურადღებას კავკასიის ქვეყნის კულტურულ ისტორიაზე ამახვილებს. აქ კი ძირითადი აქცენტი სწორედ ქართულ შრიფტზეა ფოკუსირებული, ის კარგად წარმოაჩენს ქართველების თვითმყოფად ლიტერატურულ გარემოს.

ქართული ანბანი გერმანული მედიის ფოკუსში

საქართველოს ხელოვნების სასახლესთან თანამშრომლობით ქართული შრიფტის ხელოვნება საზღვარგარეთ პირველად იქნება ნაჩვენები. ქვეყანას, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, საკუთარი ენა და დამწერლობა გააჩნია, ამ მხრივ უძველესი ნიმუშები V საუკუნით თარიღდება. საყურადღებოა ისიც, რომ 2016 წელს იუნესკომ ქართული დამწერლობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. მიუხედავად ასეთი აღიარებისა, საქართველოს კულტურული საგანძური მის ფარგლებს გარეთ მეტწილად ჯერ კიდევ უცნობია.

ქართული ანბანი გერმანული მედიის ფოკუსში

მდიდარი ექსპოზიცია ქართული ლიტერატურული კულტურის მრავალფეროვნებაზე მეტყველებს. ბეჭდური და ხელნაწერი ნიმუშები, V საუკუნის ლაპიდარული წარწერებიდან ვიდრე XI საუკუნის უძვირფასეს ხელნაწერებამდე, ასევე თანამედროვე ვიდეო კოლაჟები და კალიგრაფიულ კომპოზიციები სრულ წარმოდგენას გვიქმნის ქართული დამწერლობის თავგადასავალზე. შუა საუკუნეების გრაგნილები და იშვიათი წიგნები კარგად ასურათებს XVI-XVIII საუკუნეების საქართველოს წარსულს.

ქართული ანბანი გერმანული მედიის ფოკუსში

ექსპოზიციის მშვენებაა 1629 წელს რომში დაბეჭდილი ქართულ-იტალიური ლექსიკონი და 1709 წელს მეფე ვახტანგ VI-ის ბრძანებით თბილისში გამოცემული ქართული სახარება. ტიპოგრაფიული ნამუშევრები კარგად ადასტურებს იმას, რომ ტიფლისი XX საუკუნის დასაწყისში ავანგარდიზმის სასიცოცხლო ცენტრი იყო.

ქართული ანბანი გერმანული მედიის ფოკუსში

გამოფენა ქართველი კალიგრაფების თანამედროვე ნამუშევრებით სრულდება. ისინი შთამბეჭდავად არიან დარბაზში წარმოდგენილნი, ამ მხრივ განსაკუთრებულ გარემოს სოფო კინწურაშვილის 33 ასო-ბგერისაგან შემდგარი ხელშესახები ობიექტები ქმნიან, ისინი შეზღუდული მხედველობის ადამიანებს გამოფენის აღქმის საშუალებას აძლევენ.