Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პოლონური თეატრის საჩუქარი ქართველ ბავშვებს

17 სექტემბერი, 2018

პოლონური თეატრის საჩუქარი ქართველ ბავშვებსმოზარდ მაყურებელთა თეატრთან დამეგობრებული ქალაქის, ლოძის საბავშვო თეატრი „პინოქიო“ თბილისელი მაყურებლის წინაშე ერთი კვირის განმავლობაში 20-27 სექტემბერს საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება.

21 სექტემბერს, ყველაზე პატარა მაყურებლისთვის (1-4) წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „იავნანა“. პატარა მაყურებელს საოცარი თავგადასავალი ელის ღამის სამყაროში, ისინი მსახიობებთან ერთად ეთამაშებიან მთვარის შუქსა და ფუმფულა ღრუბლებს, გაეშურებიან მთვარეზე, რომელიც დედამიწას უზარმაზარი, ნათელი სფეროსავით დასცქერის. თითოეულ მოვლენას სხვადასხვა მუსიკალური ბგერა ახლავს თან, თითქოს ცა და ციური სხეულები ბავშვებს საკუთარ მუსიკალურ ენაზე ესაუბრებიან.

წარმოდგენის იდეას საფუძვლად უდევს სახელოვნებო/კვლევითი პროექტი “Baby space”.

22 სექტემბერს პოლონური დასი შედარებით მოზრდილი ასაკის (10+) ბავშვებისთვის წარმოადგენს სპექტაკლს „მთავარი შეკითხვა“. ვოლფ ერლბრუხის ფილოსოფიური იგავი მაყურებელს დააფიქრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სიცოცხლის აზრი, თავად სამყარო, რომლის ყოველი ელემენტი თვითმყოფადია, განსაკუთრებული და ამის დანახვა მეტად მნიშვნელოვანია. მთავარი მოქმედი პირია ადამიანი, კაცი, რომელიც წარმოდგენის მსვლელობისას ადამიანთა კრებით სახედ იქცევა.

წარმოდგენის დროს მაყურებელს საკუთარი მოსაზრებები გაუჩნდება, რომელიც შეუძლია დამსწრე საზოგადოებასა და სადადგმო ჯგუფს სპექტაკლის შემდეგ გამართულ ვორქშოფზე გაუზიაროს.

სპექტაკლები 12 და 14 საათზე დაიწყება და მათზე დასწრება თავისუფალია.

 

სპექტაკლების გარდა, თეატრალური სფეროს წარმომადგენლებისთვის 23-27 სექტემბერს გაიმართება რამდენიმე ვორქშოპი, რომლებსაც გაუძღვებიან: პინოქიოს სამხატვრო ხელმძღვანელი კონრად დვოროკოვსკი, დასის მსახიობები და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

ვორქშოპის თემებია: განსხვავებული თეატრალური ფორმები და მსახიობის იმპროვიზაცია, აგრეთვე გაიმართება მუსიკალური ვორქშოფი. თითოეული მათგანი დამსწრე საზოგადოების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს.

კოპროდუქცია პოლონეთის გრანტის Promesa 2018 დაფინანსებითა და პოლონეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

პოლონური თეატრის საჩუქარი ქართველ ბავშვებს