Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც მრავალი ძეგლის ისტორიას შეცვლის”

14 სექტემბერი, 2018

"მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც მრავალი ძეგლის ისტორიას შეცვლის"– ქვემო ქართლში სათხის ტაძრის გაწმენდის პროცესში კანკელის ფრრაგმენტი აღმოჩნდა, რომელიც თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ხელოვნების მუზეუმში გადმოტანილ სრულ კანკელს აკლდა, – აცხადებს მეცნიერი ლადო მირიანაშვილი და საზოგადოებას უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შესახებ აწვდის ინფორმაციას:

“მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც მრავალი ძეგლის ისტორიას შეცვლის.

ქვემო ქართლში სათხის ტაძრის გაწმენდის პროცესში კანკელის ფრრაგმენტი აღმოჩნდა, რომელიც თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ხელოვნების მუზეუმში გადმოტანილ სრულ კანკელს აკლდა.

ეს ფრაგმენტი ნამდვილი საგანძურია, რადგან მან კანკელის შექმნის თარიღი შემოგვინახა: „[ქ](რონი)კ(ო)ნი იყო ტჟა (1171 წ.)” (თემო ჯოჯუას წაკითხვა).

ამ აღმოჩენის მნიშვნელობა მრავალმხრივია: 1) ადრე, რენე შმერლინგის მიერ ამ კანკელის 1213-1223 წლებით, ანუ გიორგი-ლაშას ზეობის წლებით დათარიღება არასწორი აღმოჩნდა. სინამდვილეში სათხის კანკელი გიორგი III-ის ზეობის ხანას, ანუ 1156-1184 წლებს მიეკუთვნება.

2) ამ ბოლო დასკვნის შედეგად, ავტომატურად გადათარიღდა სათხის ჯგუფის ყველა კანკელი, მათ შორის პირღებულის მონასტრის კანკელიც, რომელიც სათხის ეკლესიის კანკელის ტყუპის ცალია, თანაც ორივეზე ერთიდაიგივე ოსტატის – იოვანეს სახელია ამოკვეთილი.

3) დადასტურდა ჩვენი სამეცნიერო ჯგუფის მოსაზრებები პირღებულის ტაძრის ადრეულობის შესახებ. ეს ტაძარი პარმენ ზაქარაიამ XIII საუკუნით დაათარიღა, რაც შემდგომში სხვა მეცნიერებმაც გაიმეორეს. პარმენ ზაქარაიამ დათარიღებისთვის ამოსავალ წერტილად ლორფინზე შესრულებულ დედოფალთ-დედოფალ რუსუდანის წარწერა აიღო: მან ამ წარწერაში ნახსენები რუსუდანი მეფე რუსუდანთან გააიგივა (1223-1245). ამას კარგად მიება რენე შმერლინგის მიერ პირღებულის კანკელის XIII საუკუნით დათარიღებაც. 1989 წელს ლორფინის წარწერა ჩვენი სამეცნიერო ჯგუფის წევრმა თემო ჯოჯუამ შეისწავლა და მასში ნახსენები რუსუდანი მეფე გიორგი III-ის დას რუსუდანს დაუკავშირა. მართალია, პურღებულის ექსპედიციის მასალებისა და ანალიზის საფუძველზე გამოცემულ წიგნში მან ეს ასე ცალსახად არ განაცხადა, მაგრამ მოიყვანა პალეოგრაფიული ანალიზის შედეგი, რომლის თანხმად ჩვენთვის საინტერესო წარწერა „მსგავსებას ამჟღავნებს XII საუკუნის მეორე ნახევრითა და XIII საუკუნით დათარიღებულ მრავალრიცხოვან ლაპიდარულ ძეგლებთან“ (გვ. 170). აქედან კი გამოვიდა, რომ რუსუდანის წარწერის მეფე რუსუდანის ზეობასთან უპირობოდ გაიგივება არასწორი იყო.

4) კანკელის ფრაგმენტის აღმოჩენა ძირს უთხრის პირღებულის ტაძრის არქიტექტურის XIII საუკუნით დათარიღებას, რომელ დასკვნამდეც ჩვენი ექსპედიციის პროცესში ტაძრის ხუროთმოძღვრული ანალიზის საფუძველზე მივედი (გვ. 50-108) და ის X საუკუნის პირველი ნახევრით დავათარიღე, ტაძრის განახლება კი XII-XIII საუკუნეების მიჯნით განვსაზღვრე (გვ. 108). ტაძრის ადრეულობა მოპოვებულმა არქეოოგიურმა მასალამაც დაადასტურა (არქეოლოგი ნოდარ ბახტაძე). კვლევის დასრულების შემდეგ მივაკვლიე ზაქარია ჭიჭინაძის უცნობ სტატიას, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ პირღებულის მონასტერი X საუკუნეში აუგიათ და XII საუკუნეში კი თამარს განუახლებია.

5) თარიღიანი კანკელის ფრაგმენტის აღმოჩენამ ჩვენი სამეცნიერო ექსპედიციის დროს მიღებულ შედეგი, რომ ეკლესია ვერანაირად ვერ იქნებოდა XIII საუკუნის ძეგლი, დაადასტურა.

6) ჩვენში ძალიან უჭირთ ხოლმე ავტორიტეტების მიერ ერთხელ გაჟღერებულ დასკვნებზე უარის თქმა. ასე იყო პირღებულის შემთხვევაში. როდესაც არქიტექტურაზე მომუშავე ერთ-ერთ ავტორიტეტულ ხელოვნებათმცოდნეს ჩემი კვლევის შედეგები გავაცანი, იმის გამო, რომ პირღებულის ტაძრის არქიტექტურაში ადრეული ფორმების არსებობა ვერ უარყო, პარმენ ზაქარაიას დათარიღება იმით დაიცვა, რომ პირღებულის ტაძარი ადრეული ფორმების მოგვიანებით გამეორების – რემინისცენციების მაგალითია.

7) წარწერიანი, თარიღის შემცველი კანკელის ფრაგმენტის მიკვლევა, თეორიულ მსჯელობასთან ერთად, იმის მტკიცე არგუმენტია, რომ პირღებული ტაძრის განახლება არა მეფე რუსუდანის, არამედ მეფე გიორგი III-ის ზეობისას მოხდა. დროა მივეჩვიოთ იმ აზრს, რომ მეცნიერებაში ისეთი დოგმები არ არსებობს, რომელთა გადახედვა არ შეიძლებოდეს.”

ფოტოებზე: პირღებულის კანკელის ფილები

"მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც მრავალი ძეგლის ისტორიას შეცვლის"

"მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც მრავალი ძეგლის ისტორიას შეცვლის"