30 სექტემბერი, 2018

ჯანსუღ ჩარკვიანი: “თავისუფლებას მოპოვება უნდა!”

ჯანსუღ ჩარკვიანი: "თავისუფლებას მოპოვება უნდა!"“თავისუფლებას მოპოვება უნდა, თავისუფლების გარეშე არც ქართველი კაცი არსებობს და არც ქართველი პოეტი, თავისუფლება ისაა, შენ რომ შენი თავი გეყუდნის, შენვე რომ ხარ უფალი საკუთარი თავისა, მაგრამ თავისუფლება ყველას ხვედრი არ გახლავთ:

“ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის,
ტყვია მიზანში მოსახვედრია,
თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია!”

მე ქართველთა ლომობის იმედი მქონდა და მაქვს, ქართველი კაცი უთუოდ მოიპოვებს თავისუფლებას!” – ამბობდა პოეტი ჯანსუღ ჩარკვთიანი:

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი მამას დაბადების დღეზე მისი გამორჩეული ლექსით იხსენებს:

“მა, მიყვარხარ! დღეს, 30 სექტემბერს დაიბადა პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი – ვაჟკაცი იყო ჩემი ჯანსუღი და დიდი პოეტი.

მისი შექმნილი, სხვა ლექსები უფრო მიყვარს, მაგრამ ეს ლექსი მანცვიფრებს, მაკვირვებს, რადგან 1972 წელს არის დაწერილი (გარეთ თავისუფლების ფოთოლი რომ არ შრიალებდა), ეს პოეტი კი პირდაპირ ითხოვდა და ამბობდა:

“მაგრად დაჰკარით,
მაგრად დაჰკარით,
დადგეს ყიჟინის კორიანტელი,
რომ საქართველოს
რწმენის აკვანი,
კვლავ იდგეს, ტურფა
და სანატრელი.
მაგრად დაჰკარით,
მაგრად დაჰკარით,
მტერს ავი თვალი დაენისლება,
ვინც ჩვენ ერთმანეთს
უცებ გაგვყარა,
სატრფოსთან შეყრას
არ ეღირსება.
თუ გამარჯვება არის მიზანი
დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად
მამულისათვის,
მამულისათვის,
ძმებო, სიკვდილი ან გამარჯვება,
როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება,
დაუცხრომელი ხალხის ბუნება,
თავისუფლება და აღტაცება,
დაუცხრომლობით აღისრულება.
ძლივს, ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის,
ტყვია მიზანში მოსახვედრია,
თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია.”