13 სექტემბერი, 2018

ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია როსტომ ჩხეიძეს მიენიჭა

ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია როსტომ ჩხეიძეს მიენიჭა„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოს „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ მფლობელი მწერალი, ესსეისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი და არაერთი საზოგადოებრივი საქმის სულისჩამდგმელი ბატონი როსტომ ჩხეიძე გახდა.

დაჯილდოების ცერემონია საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივისა“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ერთობლივი პროექტის „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“ ფარგლებში 12 სექტემბერს სიმბოლურად მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გაიმართა.

ლაურეატის გამოსავლენად მუშაობს ფონდის ჯილდოს მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიმღები 9 კაციანი სარეკომენდაციო საბჭო, რომელშიც შედიან: პოეტები ლია სტურუა, ბაღათერ არაბული, ნინო სადღობელაშვილი, დიპლომატი და პოლიტიკოსი კონსტანტინე გამსახურდია, ისოტირკოსი დიმიტრი შველიძე, კრიტიკოსი, და ლიტერატორი ივანე ამირხანაშვილი, ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი, დეკანოზი გიორგი წეროძე და რეჟისორი გიორგი სავანელი. სარეკომენდაციო საბჭო წლის ჯილდოს ლაურეატს ფარული კენჭისყრით ავლენს.

„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ გასულ წელს დაარსდა და იგი პირველად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს გადაეცა. მეორე ლაურეატი კი, წელს როსტომ ჩხეიძე გახდა. პრემიის შემდეგი მფლობელი, მომავალ წელს, კვლავ 12 სექტემბერს, უკვე მესამედ გამოვლინდება.