26 სექტემბერი, 2018

ილია ჭავჭავაძე: “ისტორია თუ დავივიწყეთ, დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც!”

ილია ჭავჭავაძე: "ჩვენისთანა დაბრიყვებული ერი, ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე"“ერი და ისტორია” – ასე ეწოდება ილია ჭავჭავაძის ჩანაწერს, რომელიც ერისთვის ისტორიის მნიშვნელობას განმარტავს:

“შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიიჩნია კეთილად, და რა კეთილი – ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.

ჩვენ ერს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია ისტორიულის ცხოვრებით. ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუდგია იმ საძირკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგებად. რომ მართლა ესეა, ამის საბუთი თვალწინ გვაქვს. რა შეგვინახავდა ამ ერთ მუჭა ხალხს ამ ორიათას წელიწადს ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის. რათ და როგორ შეგვარჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შემკულს წალკოტსა, რომელსაც საქართველოს ეძახიან, თუ ჩვენს წარსულს ჩვენის ცხოვრების საძირკველში მაგარი ქვა არ ჩაედგა.

ეს ერთის მხრით, მეორეს მხრით – რა ჩამოგვარჩენდა ასე უწყალოდ სხვა ქვეყნებსა ან განათლებასა, ან გამდიდრებაში, თუ ამისთანა ქვეყნის პატრონთა ცხოვრების საძირკველში მაგარ ქვასთან ერთად უვარგისი და ფხვნილი ქვაც არ ჩაეყოლებინა ჩვენს ისტორიას.

რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, ამას ხსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია, და თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა – რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი?

არ არის არც ერთი მხარე ჩვენის ცხოვრებისა, როგორც სხვისაც, რომ რაიმე წარსულის ნაშთი ზედ არ შერჩენოდეს, ხოლო ამ ნაშთისა დღეს ჩვენ აღარა გაგვეგება რა, ვიმეორებ, იმიტომ, რომ დავიწყებული გვაქვს მისი ამხსნელი და გამმარტებელი ისტორია.

ამიტომაც ჩვენ ბევრში უთავბოლობა გვეტყობა, არაფერი საქმე არ გვიხერხდება, აქეთ და იქით ვასკდებით თავს-ბრუ-დახვეულ კაცივით და ვერა გამოგვიტანია რა. ეს უქმად წარმავალი გარჯა ჩვენი, უქმად წარხდომილი მხნეობა და ცდა, ქანცს უწყვეტავს გამრჯელს და მის მაყურებელს ერს ხომ გული უტყდება, თავის-თავზე სასოება და იმედი ეკარგება, და აქედამ განა დიდი მანძილიღაა სრულად განადგურებამდე!“.