11 სექტემბერი, 2018

გიორგი კალანდია: “მოვეშვათ ფუჭად ეროვნული ენერგიის ხარჯვას!”

გიორგი კალანდია: "მოვეშვათ ფუჭად ეროვნული ენერგიის ხარჯვას!"– მოვეშვათ ფუჭად ეროვნული ენერგიის ხარჯვას და ჩვენი ძალა – პროტესტი პრაქტიკულ საქმიანობაში წარვმართოთ, რა არის პრაქტიკული?! უფრო მეტი გამარჯვება სპორტში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, უფრო მეტი გამოგონება, მეტი მიღწევა ახალ ტექნოლოგიებში, მეტი ქარხანა და ფაბრიკა! – აცხადებს ისტორიკოსი გიორგი კალანდია:

“გვინდა აფხაზეთი და სამაჩაბლო?! მაშინ უფრო ადრე უნდა გავიღვიძოთ, ორჯერ მეტი უნდა ვიშრომოთ, საქმე გაკეთებულზე გაცილებით მეტი უნდა ვაკეთოთ!

თუ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება გვინდა, უფრო უნდა გავძლიერდეთ, უფრო მდიდრები და წელში გამართულები უნდა გავხდეთ, რადგან ღარიბსა და უპოვარს ყველა გაურბის. უფრო მომთმენებად, ამტანებად და ურთიერთმიმტევებლებად უნდა ვიქცეთ. ხალხი, რომელიც დღესა და ღამეს ურთიერთის ლანძღვაში, დაცინვაში და შეურაცხყოფაში ატარებს, არ შეიძლება მიმზიდველი იყოს!

გვინდა ჩვენი ტერიტორიები?! მაშინ უფრო მეტი უნდა ვისწავლოთ და ვიკითხოთ, რადგან თანმედროვე მსოფლიო უმეცრებას ვერ იტანს. რატომ არის აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველო – ეს უნდა ვამეცადინოთ ახალგაზრდებს, თანაც მაგარ აუდიტორიებში, ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში.

მოვეშვათ ფუჭად ეროვნული ენერგიის ხარჯვას და ჩვენი ძალა – პროტესტი პრაქტიკულ საქმიანობაში წარვმართოთ, რა არის პრაქტიკული?! უფრო მეტი გამარჯვება სპორტში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, უფრო მეტი გამოგონება, მეტი მიღწევა ახალ ტექნოლოგიებში, მეტი ქარხანა და ფაბრიკა!

ნაკლები ემოცია და მეტი პრაგმატული ნაბიჯები, ებრაული მიზანდასახულობა და გერმანული სიზუსტე, აი, გზა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად! გვინდა ჩვენი ძირძველი მიწები, რომელიც თავის დროზე ჩვენივე დარდუბალობით და უმეცრებით დავკარგეთ, მაშინ ვისწავლოთ მეტი დიპლომატიურობა და ლავირების უნარი, მოსმენა და მოთმენა, თუნდაც უკანდახევა იმისათვის, რომ ბოლოს წინ წავიწიოთ – როგორც ერი, ჩვენი მოქნილობით ძლიერ ლომსა და მოუხელთებელ ლეოპარდს უნდა ვგავდეთ და არა ხისტ, მოუხეშავ კამეჩსა და ჯორ-ცხენს!

მოვეშავთ ბაქიბუქს, ყვირილს, „დაგუბებული მტკვრის ყლაპვას“ და გადავიდეთ საქმეზე, ისეთივეზე, როგოც ეს თავის დროზე დამარცხებულმა გერმანელებმა გააკეთეს, ხალხმა, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნე ოკუპირებული დედაქალაქით იცხოვრა, თუმცა წართმეული ყვირილის, ღრიალის და გულში მჯიღის ცემის გარეშე დაიბრუნა, დაიბრუნა შემართებული შრომით, ეკონომიკური სიძლიერით და ყველა დარგში დიდი მიღწევებით!”