Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ერეკლე მეფისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია ირლანდიაში

25 სექტემბერი, 2018

დღემდე უცნობი ამბები ერეკლე მეფეზეირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინის მერის ოფიციალურ რეზიდენიაში 24 სექტემბერს გაიმართა პროფესორ გიორგი კალანდიას წიგნის „მეფე ერეკლე ბრიტანულ და ირლანდიურ პრესაში“ პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

2014-2016 წლებში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ განახორციელა ორწლიანი კვლევა, რომელიც ეხება ქართველი მეფის ერეკლე მეორეს შესახებ უცნობი წყაროების მოძიებას XVIII საუკუნის ირლანდიურ და ბრიტანულ პრესაში. აღნიშნული მასალა გასულ წელს გამოიცა ორენოვან წიგნად – ქართულ და ინგლიურ ენაზე.

ღონისძიება გახსნა საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და სიტყვით მიმართა სტუმრებს. ყურადღება გაამახვილა ქართველი და ირლანდიელი ხალხის მრავალწლიან მეგობრობაზე, მადლობა გადაუხადა დუბლინის ლორდ მერს ამ ღონისძიების მერიის ისტორიულ შენობაში გამართვის შესაძლებლობისთვის, მადლიერება გამოხატა წიგნის ავტორისადმი რამდენიმეწლიანი მუშაობისა და გაწეული ძალისხმევისთვის. ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ თბილისი და დუბლინი დამეგობრებული ქალაქებია, რაც ხელს შეუწყობს საქართველო-ირლანდიის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა დუბლინის ლორდ მერი ნაილ რინგი. მან აღნიშნა, რომ საქართველო ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იყო ირლანდიის და ბრიტანეთის თვალთახედვის არეალში და მაშინდელ წყაროებში სანდო ეკონომიკურ პარტნიორად მოიხსენიება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. მან კმაყოფილება გამოხატა ქართულ-ირლანდიური ურთიერთობების განვითარებით და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას მსგავსი ისტორიული წარსული და საერთო ღირებულებები აკავშირებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის პარლამენტის მეგობართა ჯგუფის, დიპლომატიური კორპუსის, გამომცემლობების, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებსაც საჩუქრად გიორგი კალანდიას წიგნი გადაეცათ.