17 სექტემბერი, 2018

ჩუკულის კარედი – დაკარგული ეროვნული საუნჯე

ჩუკულის კარედი - დაკარგული ეროვნული საუნჯეX საუკუნით დათარიღებული ჩუკულის კარედი 1920-იან წლებში ეკლესიის გაძარცვის დროს დაიკარგა.

როგორც მეცნიერი ლადო მირიანაშვილი განმარტავს:

“მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დამნაშავეებს ძვირფასი მეტალი ფიცრებიდან აუძვრიათ, დაუჭყლეტიათ და „ტორგსინში“ ჩაუბარებიათ (ტორგსინი ძვირფასი ნივთების მიმღები პუნქტი იყო, რომელშიც ჩაბარებული ოქრო-ვერცხლის ნივთების ნაცვლად, ნატურის სახით, საყოფაცოვრებო მოხმარების საგნებს აძლევდნენ, მაგ. სამოსს, ფეხსაცმელს, ჭურჭელს და ა.შ. იმ დროს ეს საქონელი დეფიციტური იყო).

გადადნობისაგან ხატის ჭედური ფირფიტების გადარჩენა ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებმა ი. კობახიძემ და ტრიფონ ჯაფარიძემ შესძლეს: მათი ჩარევით, ძვირფასი ლითონის „ჯართი“ ქუთაისის მუზეუმს გადაეცა. ის დიდი ხნის განმავლობაში მუზეუმის ფონდში ხელუხლებლად ინახებოდა. 1964 წელს, ხელოვნებათმცოდნე რუსუდან ყენიას კარედის შელახული ფრაგმენტების დათვალიერების საშუალება მიეცა, რის შემდეგ ხატის აღდგენა გადაწყდა.

ფირფიტები იმდენად იყო დაზიანებული, რომ მთლიანად კომპოზიციის აღდგენა ვერ მოხერხდა: კარედის ცენტრალური ნაწილის მნიშვნელოვანი ნაწილი დაღუპული აღმოჩნდა, წმ. პეტრეს გამოსახულებისა (თავის გარეშე) და ღვთისმშობლის სახის ნაწილის გარდა. სრულად იყო შემორჩენილი მხოლოდ მარცხენა კარის მოჭედილობა წმ. გიორგის გამოსახულებით.

დღეისათვის ეს ჭედური კარი სვანეთის მუზეუმის ექსპოზიციაშია.”

ჩუკულის კარედი - დაკარგული ეროვნული საუნჯე