ვახტანგ მაჭავარიანი: “ლიანა ისაკაძის ფესტივალი უმნიშვნელოვანესია!”

11 აგვისტო, 2018

ვახტანგ მაჭავარიანი: "ლიანა ისაკაძის ფესტივალი უმნიშვნელოვანესია!"26 აგვისტოს ბათუმში საზეიმოდ გაიხსნება რიგით მეათე, საიუბილეო ფესტივალი “ღამის სერენადები”. ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე მის მიერ დაარსებული ფესტივალის სტუმრებს წელსაც დაუვიწყარ საღამოებს სთავაზობს.

საიუბილეო ფესტივალის სამი კონცერტი სასტუმრო “შერატონ ბათუმში” 26, 28 და 29 აგვისტოს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მუსიკოსები.
ფესტივალის საპატიო დირიჟორი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანია. მისი თქმით, ლიანა ისაკაძის ფესტივალი უმნიშვნელოვანესია.

ვახტანგ მაჭავარიანი, დირიჟორი:

”რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია ლიანა ისაკაძის ფესტივალი.

მედალს ორი მხარე აქვს – ჩვენ თუ გვინდა, საქართველოში შევინარჩუნოთ ის დიდი მონაპოვარი, რომელიც საქართველოს გააჩნია მუსიკალური კულტურის სახით, უნდა გვქონდეს ურთიერთობა პუბლიკასთან. ჩვენ პუბლიკისთვის ვასრულებთ ყველა ნაწარმოებს. თუ პუბლიკასაც უნდა გაიზარდოს და არ წავიდეს სრულიად სხვა მიმართულებით, რომელიც შეიძლება ერთის მხრივ კარგი გართობაა…

მაგრამ თუ პუბლიკას უნდა, რომ დაეწაფოს ღრმა შინაარსიან მნიშვნელოვან მუსიკას, რომელიც მას გაამდიდრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდობას მივმართავ – დამიჯერეთ, ეს არის ერთადერთი გზა ადამიანის ჩაღრმავებისკენ და ადამიანის გაზრდისკენ.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი მოწოდება შესმენილ იქნება და ამ ფესტივალს ეყოლება ძალიან მრავალრიცხოვანი მსმენელი მთელი საქართველოდან.

ეს სამი კონცერტი, რომელიც ბათუმში სასტუმრო შერატონში გაიმართება, ძალიან საინტერესო პროგრამით არის წარმოდგენილი და ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტებია.”

ფესტივალზე დასასწრები ბილეთები იყიდება TKT.ge-ზე